ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის 12.4 კმ-იანი (კმ1-კმ12.4) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.

სარეაბილიტაციო გზა გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის. გზების დეპარტამენტის ცნობით, არსებული გზის დაზიანებული კაპიტალური საფარი და სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები გზით სარგებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა.

„მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ასევე, ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის, დამონტაჟდება ნიშნები, მოეწყობა ტროტუარები და ავტოპავილიონი. ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე და სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსება და მისი ღირებულება 11 949 999 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ენსისი“ და მისი ქვეკონტარქტორი „ჯეოინვესტი“ ახორციელებენ“, – აცხადებენ უწყებაში.

დატოვე კომენტარი