ხელვაჩაურში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა
ხელვაჩაურში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფელ ჯოჭოში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მომხდართან დაკავშირებით შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი.

მისი თქმით, ხელვაჩაურში სტიქიასთან დაკავშირებით, გეოლოგიური დასკვნით, დარღვევის აღმოჩენის შემთხევაში, რეაგირება იქნება უმკაცრესი.

„მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, რომ რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ ეს ადამიანები. უმთავრესია ინტენსიურად გავაგრძელოთ სამუშაოები. თუ რაიმე სახის მოთხოვნა დარჩა ყურადღების გარეშე, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში, მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია და მანქანა მოიყოლა. შემთხვევის დროს სახლში ერთი ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მანქანაში კი, ორი ახალგაზრდა იყო. მაშველებმა ამ დროისთვის მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე მობილიზებულია 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა. გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობითდამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან ჩავიდნენ.