ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები გრძელდება [ფოტო, ვიდეო]

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს 24-საათიან რეჟიმში ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მეწყრულ მასაში მოყოლილი ავტომობილი იპოვეს და ახლა ორ დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ.ამასთან, საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე სატეხიაშიც, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია და მაშველები მის მძღოლს ეძებენ.

მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.

უწყების ცნობით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ ხუთი ადამიანია მოყოლილი.

დატოვე კომენტარი