ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

აჭარაში, ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ტერიტორიაზე იმყოფება რამდენიმე ათეული მაშველი, მუშაობს მძიმე ტექნიკა. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები მეჯინისწყალზეც მიმდინარეობს, სადაც მეწყერში მოყოლილ მამაკაცს ეძებენ.

„გრძელდება სამძებრო სამუშაოები, ეძებენ არასრულწლოვანს. რაც შეეხება ორი დღის წინ განვითარებულ სტიქიურ მოვლენებს აჭარაში, განსაკუთრებული ზიანი მიადგა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, ხდება ზარალის შეფასება, რომელიც მიადგა რაიონს. რამდენიმე საათში გეოლოგებთან ერთად შეფასდება არსებული ვითარება და რა თქმა უნდა, გაგრძელდება როგორც სამძებრო სამუშაოები, ასევე სხვა შესაბამისი ღონისძიებებიც. მაშველები მეჯინისწყალზეც აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. გუშინ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ მოხერხდა მამაკაცის პოვნა, მაგრამ ყველა სამსახური მუშაობს ბოლომდე, რათა მაქსიმალურად მოხდეს ყველა იმ კერის გამოვლენა, სადაც შესაძლოა, ეს ადამიანი იმყოფებოდეს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გუშინ დღის განმავლობაში, მაშველებმა შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს არასრულწლოვნის მშობლები. ამასთან, მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ისინი იმ მანქანაში იმყოფებოდნენ, რომელიც გუშინ მეწყერმა მოიყოლა. საძიებო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოიტანეს, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.