ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი გაიხსნა

23:15, 13.03.2026

ხელვაჩაურის მოსახლეობას ამიერიდან სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის იუსტიციის სახლში შეეძლება.

იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ საზეიმოდ გახსნეს.

ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის საკადრო რესურსი სრულად ადგილობრივი მოსახლეობითაა დაკომპლექტებული.

აჭარის რეგიონს ამჟამად იუსტიციის სახლის ცხრა ფილიალი ემსახურება: ქალაქ ბათუმში უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის 2 ფილიალი, ასევე, იუსტიციის სახლები განთავსებულია ქობულეთში, ჩაქვში, მუხაესტატეში, შუახევში, ქედასა და ხულოში.

აჭარაში ასევე ფუნქციონირებს მობილური იუსტიციის სახლის ინოვაციური პროექტი, რომელიც ამ დროისთვის უკვე მოემსახურა აჭარის რეგიონში მდებარე ათეულობით სოფლის 10 000-ზე მეტ მცხოვრებს.

ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ფარგლებში კიდევ 4 იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს მცხეთაში, ახმეტაში, ზოტსა და ჭალაში.

ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი