ხელვაჩაურში ახალი საჯარო სკოლის შენობა გაიხსნა
ხელვაჩაურში ახალი საჯარო სკოლის შენობა გაიხსნა

ხელვაჩაურის სოფელ კაპრეშუმში, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.

ახალ, ორსართულიან შენობაში შიდა სპორტული დარბაზი, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ექიმის კაბინეტია განთავსებული.

სკოლა ასევე ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

კაპრეშუმის საჯარო სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი.

სკოლაში ამჟამად სწავლობს 98 მოსწავლე და დასაქმებულია 22 პედაგოგი.

ახალი სკოლის მშენებლობისთვის 911 ათასი ლარი დაიხარჯა. სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. 

ხელვაჩაურში ამჟამად სარფის საჯარო სკოლის, ერთი სპორტული და ერთი სააქტო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.

2018 წელს დაიწყება ქედისა და ფერიის საჯარო სკოლების მშენებლობა, განხორციელდება ჩხუტუნეთის, ქვედა მახოს, წინსვლის, ზემო წინსვლის, ყოროლისთავის საჯარო სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე აშენდება მახოს სპორტული და სააქტო დარბაზები.

სარეაბილიტაციო რჩება მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 2018 წელს აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 39 საჯარო სკოლას.

პროგრამის ბიუჯეტი 8 050 500 ლარით განისაზღვრა.