ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყრული მასიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს
ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყრული მასიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს

აჭარაში, ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა მეწყრული მასიდან მამაკაცი ამოიყვანეს.

მანამდე, მაშველებმა გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე იპოვეს. ამ დროისთვის, გრძელდება მათი არასრულწლოვანი შვილის სამძებრო სამუშაოები. ოჯახის სამივე წევრი იმ სახლში იმყოფებოდა, რომელიც გუშინ მეწყერმა წაიღო.

ამასთან, მაშველებმა დღეს მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ისინი იმ მანქანაში იმყოფებოდნენ, რომელიც გუშინ მეწყერმა მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები.

საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

უწყების ცნობით, გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.