ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო 
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო 

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც საკრებულო მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავდა, ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა განხილვაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღეს, პლაკატები გაშალეს წარწერით „თავისუფლება მიშას“ და დარბაზი დატოვეს.

„ეს არის ბიუჯეტი, რომელშიც თანამდებობის პირებს ხელფასი 45 პროცენტით ეზრდებათ, საჯარო მოხელეებს კი მხოლოდ 10 პროცენტით. არის რაღაც გაურკვეველი ხარჯები, რომლებიც კორუფციისკენ არის მიმართული, რის გამოც არ მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა მამუკა ჯივაიშმა.

ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკრებულოს უმრავლესობა.

„დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს, შესაბამისად, სააკაშვილი ციხეში ზის. რაც შეეხება ბიუჯეტს, ის ხალხზე მორგებულია და მათი შენიშვნები სიმართლეს არ შეესაბამება. ბიუჯეტში სოციალური სახლის მშენებლობა და სხვა უამრავი პროექტია გათვალისწინებული. ეს მათი სტილია, სპექტაკლები მოაწყონ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვახტანგ ლორთქიფანიძემ.

ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტი 26 მილიონ ლარზე მეტია. 24 დეპუტატიდან 14 „ქართული ოცნების“ წევრია, შვიდი „ნაციონალური მოძრაობის“, სამი კი პარტია „საქართველოსთვის“.

ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტი 14 ხმით დაამტკიცეს.