ხელვაჩაურის მერსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხვედრა ჩაიშალა
ხელვაჩაურის მერთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივისა“ და მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლების შეხვედრა ჩაიშალა.
შეხვედრაზე მერიასთან მიმდინარე აქციის ხუთი წარმომადგენელი იმყოფებოდა. მათ მერს შეკითხვები მდინარე აჭარისწყალზე ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით დაუსვეს და ჯუმბერ ვარდმანიძე კორუფციაში დაადანაშაულეს.
„თქვენი ნებართვით და ხელშეწყობით მდინარიდან იღებენ ინერტულ მასალას უკანონოდ, რამაც შეიძლება მოსახლეობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, თქვენ იქ აკეთებთ გუბურებს და თევზის მოშენებას აპირებთ, თქვენ ხართ კორუმპირებული“, – მიმართა მერს აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძემ.
შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც მერის კაბინეტი აქციის მონაწილეებმა დატოვეს.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამ მოძრაობას საქმე გამოელია და ასეთ ქმედებებზე გადავიდა, მათ არ მოაქვთ ფაქტები, დოკუმენტები და უნდათ მხოლოდ ხმაური. აჭარისწყალში ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება. თუ ვინმეს აქვს ფაქტი, მიმართოს ჩემს წინააღმდეგ სამართალდამცველებს“, – განაცხადა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ.
შეხვედრის ჩაშლის შემდეგ აქცია რამდენიმე წუთს მერიის შენობასთან გაგრძელდა, რის შემდეგაც მონაწილეებმა მერიის ტერიტორია დატოვეს.