ხელოვნების სასახლეში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
ხელოვნების სასახლეში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მთარგმნელის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის და საქართველოს ეროვნული გმირის – ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ფართო საზოგადოებას ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ისტორიას გააცნობს.

პირველად ისტორიაში, მუზეუმის ფონდებიდან საექსპოზიციო დარბაზებში გამოტანილ უნიკალურ აფიშებთან, ფოტოებთან თუ ხელნაწერებთან ერთად, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) საკუთრებაში არსებული, 1989-1992 წლებში საქართველოს პოლიტიკური ვითარების ამსახველი უნიკალური ფოტო და საარქივო დოკუმენტებიც იხილოს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენის კატალოგის პრეზენტაციაც, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელს მიეძღვნა და რომელიც გამსახურდიას პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობის ამსახველ მნიშვნელოვან ფაქტებთან ერთად, 1992 წლის 3 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მომხრეთა მასობრივი დარბევის იშვიათი კადრებს აერთიანებს.
ნიშანდობლივია, რომ გამოფენის გახსნის თარიღად 28 ოქტომბერი საგანგებოდ შეირჩა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილე პარტიებისა და ორგანიზაციების რეგისტრაციას ახდენდა არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ პარიტეტულ საწყისებზე არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამასთან, საბჭოთა იმპერიაში პირველად, არჩევნებს ზედამხედველობას უწევდნენ უცხოეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 28 ოქტომბერს გაიხსნება და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი