ხელოვნების სასახლეში უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის გამოფენა გაიხსნება
ხელოვნების სასახლეში უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის გამოფენა გაიხსნება

თბლისში, ხელოვნების სასახლეში „ვეფხისტყაოსნის“ გამორჩეული ილუსტრატორის, მსოფლიოში აღიარებული უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის გამოფენა გაიხსნება.

პირველად საქართველოში ამ გამოფენისათვის ბუდაპეშტიდან, უნგრეთის ეროვნული გალერეიდან, მხატვრის მიერ შექმნილი ექვსი ორიგინალი და 27 მაღალი ხარისხის ასლი გამოიფინება.

10 დღის მანძილზე, ხელოვნების სასახლეში, ქართველ დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ექნება ნახოს და შეაფასოს საიმპერატორო კარის მხატვრის მიერ შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენა თბილისში, უნგრული კულტურის დღეებისა და საქართველო-უნგრეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უნგრეთის საელჩოსა და ბუდაპეშტის ეროვნული გალერეის მხარდაჭერით ხორციელდება.

შოთა რუსთაველის რომანტიკული ეპოსის „ვეფხისტყაოსანი“ პირველი ნაბეჭდი ილუსტრირებული გამოცემა სწორედ მიხაი ზიჩს უკავშირდება. 1881 წელს, მოწინავე ქართველი ინტელიგენციის თხოვნით იგი საქართველოში ჩამოვიდა, ნაწარმოების თემაზე შვიდის ნაცვლად 34 ილუსტრაცია შექმნა და ქართველ ხალხს უსასყიდლოდ უსახსოვრა.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში ხუთ დეკემბერს გაიხსნება და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.