ხელოვნების სასახლეში სვიმონ დადიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
ხელოვნების სასახლეში სვიმონ დადიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

ხელოვნების სასახლეში 17 დეკემბერს საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, სვიმონ დადიანის (1916-1975) პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სვიმონ დადიანის შემოქმედების ამსახველი სრული კოლექცია, სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკებები.

სვიმონ დადიანი 5 წლისა იყო, როცა 1921 წელს, მისი ოჯახი (მამა – კოკი დადიანი, სენაკის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მარშალი, დედა – მერი წერეთელი, სოლომონ მეფის შთამომავალი) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილ მთავრობასთან ერთად საფრანგეთში გადასახლდა.

ხელოვანმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში, შემდეგ კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მუშაობდა ფერწერასა და სკულპტურაში ავანგარდის, მოდერნის მიმართულებით.