ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, სვიმონ დადიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, სვიმონ დადიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლეში საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, სვიმონ დადიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სიმონიკა დადიანის შემოქმედების ამსახველი სრული კოლექცია (სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები), რომელიც ხელოვანის ანდერძის თანახმად, მისი შთამომავლების ლია და მიხეილ ვოდეების, ხელოვნების სასახლის დირექტორის – გიორგი კალანდიას, საფრანგეთში საქართველოს ელჩის – მისი უმაღლესობა ეკატერინე სირაძე დელონეს, არჩილ გელოვანისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ძალისხმევით თავისუფალ საქართველოს დაუბრუნდა.

გამოფენის გახსნას საქართველოს პრეზიდენტის შვილები, თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანები დაესწრნენ.

მხატვარი საფრანგეთის ქართული ემიგრაციის პირველი ტალღის შვილია. ის ხუთი წლის იყო, როცა 1921 წელს, მისი ოჯახი (მამა – კოკი დადიანი, სენაკის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მარშალი, დედა – მერი წერეთელი, სოლომონ მეფის შთამომავალი) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილ მთავრობასთან ერთად საფრანგეთში გადასახლდა.

მხატვარმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში მიიღო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მუშაობდა ფერწერასა და სკულპტურაში ავანგარდის, მოდერნის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ამერიკამ მისი შემოქმედებითი გამოცდილება გააღრმავა და სათანადოდაც დააფასა. შეერთებული შტატების საგამოფენო დარბაზებში პერმანენტულად იფინებოდა სვიმონ დადიანის ქანდაკებები და ფერწერული ტილოები. მისი გახმაურებული ქანდაკება „შავი ტორსი“ 1953 წელს, თანამედროვე ხელოვნებისა და ფერწერის მე-15 გამოფენაზე საგანგებო პრემიითაც დაჯილდოვდა.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში სამ თვეს გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი