ხელოვნების სასახლე ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის დასახელდა
ხელოვნების სასახლე ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის დასახელდა

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში გამართულ ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიური პრემიის კონკურსის – „ემიას“ (EMYA) ჟიურის სხდომაზე ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმის პრემიის ნომინანტთა შორის საქართველოს ხელოვნების სასახლეც დასახელდა. ინფორმაციას ხელოვნების სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ემიას“ კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიალი 2020 წლის 2 მაისს, ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის ქალაქ კარდიფში, უელსის ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.

„ევროპის მუზეუმების ფორუმი/European Museum Forum წარმოადგენს ევროპის კონტინენტის წამყვან სამუზეუმო ინსტიტუციას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას სამუზეუმო საქმეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მხარდაჭერით. EMYA (European Museum Year Award) ევროპის წლის მუზეუმის პრემია 1977 წელს დაწესდა ევროპის საბჭოს ეგიდით და მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების გამოვლენას და აღიარებას ევროპის სამუზეუმო სივრცეში, ხელს უწყობს ევროპის მუზეუმებში დაცული კოლექციებისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ზოგადად, ინოვაციური პროცესის განვითარებას სამუზეუმო სამყაროში“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის ინფორმაციაში.