ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წიგნის „ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წიგნის „ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წიგნის „ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

გამოცემა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის 120 წლის იუბილეს ეძღვნება.

ნაშრომი წარმოადგენს სადოქტორო დისერტაციას, რომელიც ევროპის სამეცნიერო ჟურნალებში 1926-1930 წლებში ცალკე თავებად დაიბეჭდა.

ნაშრომები გერმანული და ფრანგული ენებიდან თამარ ჭუმბურიძემ და ცისანა ბიბილეიშვილმა თარგმნეს.

გამოცემის ახალ რედაქციაში მოცემულია გრიგოლ ფერაძის მოკლე ბიოგრაფია და იმ ნაშრომების მიმოხილვა, რომლებიც შეეხება ბერმონაზვნობის დასაწყისს საქართველოში, ათონის მთის ივირონის მონასტრის ქართველი ბერების ლიტერატურულ საქმიანობას და სხვა.

გრიგოლ ფერაძე მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული თეოლოგი და ქართველოლოგი, ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მან დაარსა პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, გრიგოლ ფერაძეს ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ნაშრომი ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ.

გრიგოლ ფერაძე მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობდა და იკვლევდა საქართველოს ეკლესიასთან და სასულიერო მწერლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, იძიებდა და შეისწავლიდა ქართულ ხელნაწერებს, ბიბლიის ქართულ თარგმანებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ლიტურგიკის პრობლემებს.

მისი სადისერტაციო ნაშრომის მიზანი იყო, ქართული წყაროების მიხედვით წარმოედგინა ბერმონაზვნობის ისტორია და ბერის ქართული ტიპი. ამისათვის მეცნიერმა განიხილა ბერმონაზვნობა და მის განვითარებაში სამი პერიოდი გამოყო: სირიული, პალესტინური და ათონური.