ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ოკუპაციის კვირეული გაიხსნება

08:10, 25.02.2019

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღეს ოკუპაციის კვირეული გაიხსნება.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საზოგადოებას საშუალება ექნება, ესტუმროს გამოფენას „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – პერსონები საარქივო დოკუმენტებიდან“, რომელიც ცენტრის კოლექციებში დაცული უნიკალური არქივების საფუძველზეა მომზადებული.

„ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტები, ემიგრანტული პრესა, მემორიალური ნივთები და აუდიომასალა შერჩეულია ერთი ნიშნით: ექსპონატები ასახავს საქართველოს მთავრობის წევრებთან დაკავშირებულ მიმოწერას, ოფიციალურ დოკუმენტებს, ბიოგრაფიულ ცნობებსა თუ მათ პირად ნივთებს“, – აღნიშნავენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

მათივე ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება: საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის, ნოე ჟორდანიას ავტოგრაფები და მასთან დაკავშირებული წერილები, ლევილის არქივი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის აუდიოჩანაწერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლოები: დროშა, გერბი, ფულის ერთეულები და მარკები.

„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო აქტივობების პოპულარიზაციაზეც; ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში VII-IX და IX-XII კლასების მოსწავლეთათვის დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამები, კერძოდ, ჯგუფური აქტივობა „მე ვიკვლევ“ და ისტორიული ნარკვევების კონკურსი. საუკეთესო სამი ნაშრომის ავტორთა ჯგუფს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მოიწვევს 26 მაისის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო შეხვედრაზე“, – აცხადებენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ოკუპაციის კვირეული საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღეს, 15:00 საათზე გაიხსნება.

მსგავსი