ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ელიზაბეთ რუდმა სადილზე უმასპინძლა
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან სადილზე იმყოფებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.
როგორც სადილიდან გამოსულები აცხადებენ, შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. მათ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე დემოუკიდებელი დეპუტატები, გია ჟორჟოლიანი, მარიამ ჯაში და თამარ ჩუგოშვილი, ასევე ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსიდან“, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნინო ბურჯანაძე „დემოკრატიული მოძრაობიდან“, დავით უსუფაშვილი „ლელოდან“.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ეს იყო შეხვედრა იმ პრობლემების განსახილველად, რომელიც საქართველოშია.
„თუმცა, ეს არ იყო არანაირი გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც შეწყვეტილია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ შეხვედრამ დაგვანახა, რომ ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული შექმნილი ვითარება და პრობლემები, რაც ქვეყანას დაემართა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. არანაირ კონკრეტულ თემაზე შეთანხმება-შეჯერება არ მომხდარა, მაგრამ ბუნებრივია, იყო აზრთა სხვადასხვაობა. სადილები არის ჩვეულებრივი მოვლენა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან. ამიტომ, ეს იყო ერთ-ერთი შეხვედრა ქალბატონი ელიზაბეთ რუდის ინიციატივით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.