„ხელი ხელს“ ფართოვდება - აჭარაში შშმ პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისი გაიხსნა
„ხელი ხელს“ ფართოვდება - აჭარაში შშმ პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისი გაიხსნა

ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ კიდევ ერთ ახალი საოჯახო ტიპის სახლი გახსნა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რიგით მეშვიდე სახლი ბათუმში იწყებს ფუნქციონირებას, რის შედეგადაც, კიდევ ხუთი შშმ პირი შეძლებს დახურული ინსტიტუციის ნაცვალად საოჯახო გარემოში ცხოვრებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრობას.

„ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა კიდევ ერთი თბილი გარემოს შექმნა ამჯერად ბათუმში. ჩვენი ახალი მაცხოვრებლები არიან როგორც დიდი ზომის ინსტიტუციებიდან, ასევე სხვა კატეგორიის შშმ პირები. მაგალითად ბავშვები, რომლებიც მცირე საოჯახო საცხოვრისებში იზრდებოდნენ, თუმცა სრულწლოვანების შემდეგ, ინსტიტუციაში გადასვლის რეალობა დაუდგათ. საბედნიეროდ მათ ახლა აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ჩვენთან, ისეთივე მყუდრო და ოჯახურ პირობებში, როგორშიც ბოლო წლებში ცხოვრობდნენ. ჩვენს ბენეფიციარებს შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ სათანადო მხარდაჭერა და ახლა ჩვენი დახმარებით ეს ბენეფიციარები მაქსიმალურად კომფორტულ და ადაპრირებულ გარემოში იქნებიან. მათაც ზუსტად ისე შეუძლიათ  საზოგადოებაში, ბუნებრივ გარემოში ცხოვრება, როგორც ყველა სხვა ადამიანს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ საწყის ეტაპზე, დამოუკიდებელი ცხოვრების რეჟიმზე გადასვლაში მათ ასისტენტების მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ ამას აკეთებს „ხელი ხელს“. გვიხარია, როდესაც ვხედავთ ინსტიტუციებიდან გამოსული ადამიანების სრულ ტრანსფორმაციას ძალიან მოკლე დროში. ჩვენი ორგანიზაციის ძლიერი გუნდი ამ საქმეს დიდი ხანია ერთგულად ემსახურება და ასე იქნება ბათუმშიც“, – განაცხადა „ხელი ხელს“ დამფუძნებელმა, მაია შიშნიაშვილმა.

ორგანიზაციის ცნობით, თითქმის 10 წლიანი არსებობის მანძილზე, ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ შეძლო ათობით ადამიანი დაებრუნებინა უკან, საზოგადოებაში.

„პროფესიონალი, კვალიფიციური და გამოცდილი ასისტენტების მხარდაჭერით, შშმ პირებმა იზოლირებული სისტემიდან გამოსვლის შემდეგ დაამტკიცეს, რომ საოჯახო ტიპის საცხოვრისი დიდი ზომის ინსტიტუციის ერთადერთი სწორი და ჰუმანური ალტერნატივაა. „ხელი ხელს“ სახლების მაცხოვრებლები საოჯახო გარემოში გადმოსვლის შემდეგ სრულ დამოუკდიებლობას ეჩვევიან: თავად წყვეტენ რა სურთ; თავად არიან ჩართული ყველანაირ საოჯახო საქმეში; თავად წარმართავენ ყოველდღიური გამოწვევებისა და საჭიროებების მენეჯმენტს; აქვთ სრული ჰარმონია სოციუმთან და  გარემოსთან. აღსანიშნავია ისიც, რომ საოჯახო საცხოვრისებში გადმოსვლის შემდეგ, მათ შეუძლიათ დასაქმდნენ, რითაც კიდევ უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან საზოგადოებას. ორგანიზაცია „ხელი ხელს“ დაარსებიდან დღემდე მუდმივად ცდილობს საოჯახო საცხოვრისების განვითარებას ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მოდელების დანერგვით. „ხელი ხელს“ იყო პირველი ამბიციური განაცხადი ქართულ რეალობაში, რომელმაც, საქართველო დეინსტიტუციონალიზაციის მხრივ, რეგიონში ლიდერ ქვეყნად აქცია. მიღწეული წარმატების მიუხედავად, „ხელი ხელს“ კვლავ აგრძელებს განვითარებას.  ეფექტური, სწორი და შედეგიანი ადვოკატირების დამსახურებით, ორგანიზაციამ შეძლო დეინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყო.

2011 წლიდან დღემდე დონორების, საერთაშორისო პარტნიორების, ადგილობრივი სამოქალაქო და საჯარო სექტორის თანადგომით, „ხელი ხელს“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცა, რომლის განვითარებაც უკვე შეუქცევადი პროცესია და ქვეყანა სრული დეინსტიტუციონალიზაციისკენ სულ უფრო მეტ ნაბიჯს დგამს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

დატოვე კომენტარი