თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხელბურთში საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. უმაღლესი ლიგის გათამაშების პირველ შეხვედრაში „პეგასი“ „გორს“ დაუპირისპირდა.
გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი „პეგასი“ ლიდერებმა დატოვეს და გუნდი საგრძნობლად დასუსტდა, რამდენიმე მოთამაშე ჩემპიონ – ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებში“ გადავიდა, ხოლო ლიდერი ნიკა კალანდაძე კარიერას საფრანგეთში აგრძელებს.
ამის მიუხედავად, სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა გამოცდილ მეტოქეს პირველი ნახევარი ანგარიშით 18:15 მოუგო. მეორე ტაიმი გაცილებით დაძაბული გამოდგა – გორელებმა ანგარიში გაათანაბრეს და დაწინაურებაც მოახერხეს. „პეგასმა“ შეხვედრის ბოლო წუთები უკეთ ჩაატარა და 39:34 გაიმარჯვა.
დღის მეორე შეხვედრაც, სადაც „იმედი-სტუ“ „სპორტუნს“ დაუპირისპირდა, ანალოგიური სცენარით წარიმართა: „იმედი-სტუ“-მ უპირატესობა ბოლო წუთებზე მოიპოვა და მეტოქე ანგარიშით 39:32 დაამარცხა.
