ხელბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ვარსკვლავი კონგოს ნაკრების მოთამაშეა (ვიდეო)
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელბურთელი გოტიე მვუმბი ტიერი მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინასთან მატჩის მთავარი ვარსკვლავი გახდა. პირველობა ეგვიპტეში მიმდინარეობს.
კონგოელებმა 22:28 წააგეს, მაგრამ ყველას დაამახსოვრდა არა არგენტინელი ხელბურთელები, არამედ ტიერის თამაში და წონა, რომელიც 130 კილოგრამს შეადგენს, სიმაღლე კი ორი მეტრია.
ამგვარი გაბარიტების მიუხედავად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების მე-15 ნომერმა ოთხი გოლი გაიტანა და 100-პროცენტიანი რეალიზაცია ჰქონდა.
„ეს ნამდვილი სიამაყეა – ატარო ნაკრების მაისური. არასოდეს მიფიქრია, რომ ერთხელ გამოვცდიდი ამას. აბსოლუტურად არაფერი გვაქვს დასაკარგი, ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ და ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. მათ ორ-ორი ხელი და ფეხი აქვთ, როგორც ჩვენ. ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, გართობა და ამ ტურნირზე გადარჩენაა. ყველაფერს გავაკეთებთ და, შესაძლოა, ზოგიერთი გუნდი გავაბრაზოთ“, – თქვა გოტიემ.
მვუმბი საფრანგეთში კლუბ „დრეუსში“ თამაშობს. ის ქვეყნის მეოთხე დივიზიონის ბინადარია.
ეგვიპტეში კაცებს შორის მსოფლიოს სახელბურთო ჩემპიონატი 31 იანვრამდე გაგრძელდება.