ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს ის განჩინება გაასაჩივრა, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფების ფულადი ანგარიშები დაყადაღდა
ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს ის განჩინება გაასაჩივრა, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფების ფულადი ანგარიშები დაყადაღდა

„თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის განჩინება გაასაჩივრა, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფების ფულადი ანგარიშები დაყადაღდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლოში შესული საჩივრით, ის მოითხოვს გაუქმდეს პირველი ინსტანციის განჩინება ყადაღასთან დაკავშირებით.

ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საკუთარ განჩინებას დასაბუთება არ დაურთო და მხოლოდ ის დაწერა, რომ გაიზიარა გენერალური პროკურატურის მიერ დასახელებული საფუძვლები, თუმცა რატომ – ეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს არ განუმარტავს.

განჩინების დოკუმენტში მითითებულია, რომ სხვადასხვა ბანკში, ყადაღა დაედო მამუკა ხაზარაძის ანგარიშებზე არსებულ 11 323 188 დოლარს და ბადრი ჯაფარიძის 5 340 812 დოლარს.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებს ყადაღა პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით 20 აგვისტოს დაედო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობისგარეშე. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.