მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, გადაწყვეტილებას ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხდებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

„არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ როდესაც სამი წლის განმავლობაში ჩვენ ერთსა და იმავეს ვისმენთ, აქ ან ინტელექტუალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ან დაკვეთასთან, რომელიც უნდა შეასრულონ. როდესაც მე და ბადრი ჯაფარიძემ გამოვაცხადეთ პარტიის დაფუძნება, ამის შემდეგ დაიწყო ბრალის წარდგენა.  ეს არის პოლიტიკური დევნა, ვენდეტა. არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია,. ფული ვერ შეიძლება იყოს გათეთრებული, თუ ის არის თეთრი. ეს არის პოლიტიკური საქმე, ამას სამართალთან არა აქვს კავშირი. ნებისმიერ გადაწყვეტილებას შევხედავ მშვიდად, მაგრამ ამ ქვეყანაში, ვიდრე არ იზეიმებს სამართალი, არა მამუკა ხაზარაძისთვის, არამედ რიგითი მოქალაქისთვის, მანამდე ვიქნებით ამ ჭაობში“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

„ჩვენ ავიღეთ სესხი იმიტომ, რომ გვქონდა კრედიტი ირლანდიურ ბანკთან. რა უნდა სიმართლის დადგენას, თუ ამის სურვილი გაქვს. ჩვენ ავიღეთ მოკლევადიანი სესხი, თუმცა ვერავინ გათვლიდა, რომ რუსეთის არმია შემოიჭრებოდა და 2008 წელს დადგებოდა ფორსმაჟორული სიტუაცია. რატომ არ თქმულა არც ერთხელ, რომ 2008 წელს ფორსმაჟორული სიტუაცია დადგა. ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, იმის გამო, რომ გაპრობლემდა „სამგორის“ და სხვა კომპანიების სესხი, ჩვენ შეგვიმცირდა ოცდაათი პროცენტით მონაწილეობა. რატომ ჩქარობს პროკურატურა? შესაძლოა, წაბრძანებულიყო პროკურატურა და ესაუბრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან, არც წაბრძანებულად და არც დაკავშირებიან. ჩვენ მართლაც დავზარალდით ამ სესხის გამო, დავკარგეთ ჩვენი ქონების ორი მესამედი, არსად ეს დაფარული არ ყოფილა, ამიტომ გვაქვს საქმე შეთითხნილ, გაყალბებულ სისხლის სამართლის საქმესთან. დღესაც აბსოლუტურად იგივეს გავაკეთებდით, რადგან  ვმოქმედებდით ინსტიტუტისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით. შემოგვყავდა ძლიერი კომპანია, მაგრამ მოხდა ის, რის პროგნოზირებასაც ვერ გავაკეთებდით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გახდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასასრული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ავთანდილ წერეთელმა კი, აღნიშნა, „როგორც დავიფიცე სასამართლოს წინაშე, რომ ვიტყვი სიმართლეს, ახლა დავიფიცებმ რომ ერთ ლარს არ ვასესხებ არავის.
ჩემი შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი ფული, უნდა გავათეთრო, ბაბუო. აი, ის არის დასაჭერი, ვინც დავალებებს იძლევა; აი; ის გამომძიებლები, ტყუილი ჩვენება რომ მისცეს“.

გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება 2019 წლის 24 ივლისს გამოიტანა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინათ მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.