არგენტინის პრეზიდენტი ესპანეთის პრემიერს, პედრო სანჩესს არჩევნებში მიგრანტთა ხმების გამოყენებაში ადანაშაულებს
არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი დაადანაშაულა, რომ მიგრაციულ კრიზისს მიგრანტებისთვის ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭებისთვის იყენებს, რათა მათ სანჩესს მისცენ ხმა.
„ესპანეთის შემთხვევაში, სანჩესი ამ მიგრანტებს მოქალაქეობას აძლევს, რათა მას მისცენ ხმა და, ასე ვთქვათ, ხელი შეუწყონ მისი ტირანიის გახანგრძლივებას“, – განაცხადა ხავიერ მილეიმ.
„ბუენოს აირეს თაიმსის“ ინფორმაციით, არგენტინის პრეზიდენტს საკუთარი განცხადების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ესპანეთში ამომრჩევლები დეპუტატთა კონგრესის შემადგენლობას ირჩევენ, ხოლო ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრს სწორედ კონგრესის წევრები ირჩევენ. ესპანეთის საპარლამენტო არჩევნები, სადაც დეპუტატთა კონგრესის ახალ შემადგენლობას აირჩევენ, უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2027 წლის 22 აგვისტოსი.
მილეიმ ასევე მხარი დაუჭირა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არგენტინაში საჯარო სერვისებით, მათ შორის, განათლების სფეროთი სარგებლობისთვის საფასურის დაწესებას.