ხავიერ კოლომინა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში პირველი ვიზიტით საქართველოს 19 ოქტომბერს ეწვევა
ხავიერ კოლომინა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში პირველი ვიზიტით საქართველოს 19 ოქტომბერს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დღის წესრიგი, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმა და ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის მაღალ დონეს. ხავიერ კოლომინამ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და მათთან გამკლავების კუთხით საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიის განმტკიცების კუთხით მიმდინარე რეფორმები მიმოიხილეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ურყევი ნება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ხავიერ კოლომინა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში საქართველოს პირველი ვიზიტით 19-20 ოქტომბერს ეწვევა.