ხავიერ კოლომინა - ევროინტეგრაცია, ატლანტიკური ინტეგრაცია არის თემები, რომლებმაც პარტიული ინტერესები უნდა გადაწონოს, პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება განსხვავებების გადალახვა და ერთად მუშაობა
ხავიერ კოლომინა - ევროინტეგრაცია, ატლანტიკური ინტეგრაცია არის თემები, რომლებმაც პარტიული ინტერესები უნდა გადაწონოს, პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება განსხვავებების გადალახვა და ერთად მუშაობა

ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი და არის შეშფოთება. არ გამოვიყენებ ტერმინ უკუსვლას, როგორც ზოგიერთმა პარტნიორმა უკვე გამოიყენა. ვიტყოდი, რომ არის შეშფოთება. შემაშფოთებელია პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში, სირთულეები, რომლებიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის მხრივ არსებობს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში რეფორმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, – „როგორია თქვენი შეფასება, გვაქვს პროგრესი თუ უკუსვლა, რაზეც გვსმენია სხვადასხვა პირისგან, მათ შორის თქვენგან, რომ ნატო რეფორმების განხორციელების ტემპით კმაყოფილი არაა?“

ხავიერ კოლომინას თქმით, ეს არის საერთო პასუხისმგებლობა როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მხრიდან.

„სწორედ ამიტომ, როდესაც სექტემბერში თბილისში ვიმყოფებოდი და სრულიად ოპოზიციურ სპექტრს შევხვდი, ძალიან მკაფიო გზავნილი მქონდა. გვჯერა, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ პოლარიზაციას, ინიციატივები უნდა მოდიოდეს მთავრობიდან, რადგან ის არის ქვეყნის მმართველი, მაგრამ ოპოზიციასაც აქვს პასუხისმგებლობა, პოზიტიურად უპასუხოს წინადადებებს, რომლებიც მთავრობიდან მოდის. ჯერ ასეთი გზავნილი ბევრი არ გვინახავს მთავრობიდან, ამიტომაც ვამხნევებთ მთავრობას, იაროს ამ გზით, სცადოს წინააღმდეგობების გადალახვა. ამ კავშირებზე თქვენს პრეზიდენტთანაც ვისაუბრე. საბოლოო ჯამში, ამ რეფორმების შესრულება დამოკიდებულია მთავრობისა და ოპოზიციის უნარზე, ერთად ითანამშრომლონ“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

რაც შეეხება კითხვას, – „როდესაც მთავრობა ამბობს, რომ მუშაობს რეფორმებზე და ოპოზიცია არ ერთვება მუშაობაში, ოპოზიციას ადანაშაულებს, რომ მათთვის პარტიული და პოლიტიკური ინტერესი უპირატესია, ასეთ შემთხვევაში რა არის თქვენი მთავარი რჩევა ოპოზიციისადმი?“ – ხავიერ კოლომინას განმარტებით, ეს შიდა პოლიტიკური საკითხია და გამკლავება სჭირდება.

„აქედან თუ რამეს ვეტყოდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ისაა, რომ როგორც ევროინტეგრაცია, ისე ატლანტიკური ინტეგრაცია არის თემები, რომლებმაც პარტიული ინტერესები უნდა გადაწონოს. ვიცი, რომ სურვილი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობაზე ზეპარტიული სურვილია. სურვილების რეალობად ქცევისთვის კი აუცილებელია რეფორმების განხორციელება. როგორც ორივე მხარეს ვუთხარი თბილისში, პრემიერს, მინისტრებსა და ოპოზიციასაც, გჭირდებათ ამ განსხვავებულობის გადალახვა და ერთად მუშაობა.  სწორედ ეს არის მიზანი, რომელიც ქართველებს აერთიანებთ, 72 პროცენტი უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას. ამიტომ პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება განსხვავებების გადალახვა. ვიცი, ეს რთულია, მაგრამ პოლიტიკური თამაშები ყველა ქვეყანაში რთულია. სწორედ ეს იქნება ჩემი შეთავაზება“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.