ხათუნა ზახაშვილი - ვიმედოვნებთ, ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველები, რომლებიც თავიანთი საქმიანობისას კორონავირუსით დაავადდნენ
ხათუნა ზახაშვილი - ვიმედოვნებთ, ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველები, რომლებიც თავიანთი საქმიანობისას კორონავირუსით დაავადდნენ

ვიმედოვნებთ, ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობისას კორონავირუსით დაავადდნენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წესების დაცვისკენ მოუწოდებს ჟურნალისტებს, რომლებიც კორონავირუსით შესაძლო ინფიცირებული ადამიანებისგან ინტერვიუს აღებას ან ზოგადი ინფორმაციის მიღებას ცდილობენ.

ზახაშვილის თქმით, ვირუსის მატარებელი შესაძლოა, იყოს ყველა ის პირი, რომელიც კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ბრუნდება.

„ჟურნალისტები უნდა მოერიდონ ახლო კონტაქტს სავარაუდოდ დაინფიცირებულ პირთან ნიღბის გარეშე. კარგია, თუ ნიღაბი ეკეთება რესპონდენტსაც; ინტერვიუ უნდა აიღონ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით; ნუ დადგებით ამ ადამიანთან ძალიან ახლოს. ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიკროფონები უნდა გაიწმინდოს და მოერიდეთ ღრუბლიანი მიკროფონებით ამ ადამიანებთან ურთიერთობას; დადექით ამ ადამიანებისგან 1-1,5 მეტრის დაშორებით; სამუშაო პროცესის დასრულებისთანავე აპარატურა სადეზინფექციო ხსნარებით უნდა დამუშავდეს, სველი წესით გაიწმინდოს და დეზინფექცია ჩაუტარდეს ყველა იმ ნივთს, რომელიც ხშირად გამოყენებადია. დაიცავით რესპირაციული ჰიგიენის ზოგადი წესი, რასაც ჰქვია სუფთა ხელები.

თუ ამ წესებს დაიცავთ, ვიმედოვნებთ, რომ ყველანი ჯანმრთელი ვიქნებით და ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობისას კორონავირუსით დაავადდნენ“,- განაცხადა ზახაშვილმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დღეს დადასტურდა. დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი – იტალიაში.