ხათუნა ზახაშვილი - პანდემიის გამო, წლევანდელმა მე-12 კლასელებმა ვერ მოუსმინეს სკოლაში ზარების გუგუნს, მაგრამ მათ გვერდით იდგა მთელი საქართველო
ხათუნა ზახაშვილი - პანდემიის გამო, წლევანდელმა მე-12 კლასელებმა ვერ მოუსმინეს სკოლაში ზარების გუგუნს, მაგრამ მათ გვერდით იდგა მთელი საქართველო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

ზახაშვილის თქმით, წლევანდელი მე-12 კლასელები გამონაკლისები იქნებიან და ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ, რომ სწორედ იმ წელს, როდესაც ისინი სკოლას ამთავრებდნენ, იყო პანდემია, რის გამოც მათი სკოლის ზარების ხმას ვერ მოუსმინეს.

თუმცა, ზახაშვილის თქმით, დღეს მე-12 კლასელების გვერდით იდგა მთელი საქართველო.

„დღეს ბოლო ზარის დღე იყო მე-12 კლასელებისთვის, დღეს ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ, თუმცა პანდემიის გამო, ეს ისეთ ვითარებაში ვერ ჩატარდა, როგორც ჩვეულებრივ აღინიშნება ხოლმე. წლევანდელი მე-12 კლასელები გამონაკლისები იქნებიან და ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ, რომ სწორედ იმ წელს, როდესაც ისინი ამთავრებდნენ სკოლას, იყო პანდემია და ამის გამო მათ ბოლო ზარი სკოლებმა დაურეკეს ისე, რომ ცხოვრების ახალ გზაზე, ახალ ეტაპზე შემდგარი ადამიანები სკოლაში არ იყვნენ. ყველას მათ წარმატებას, ბედნიერ სიცოცხლეს და მომავალს ვუსურვებთ. მემგონი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჭესთან მჯდომი ადამიანიც სიგნალით ულოცავდა მათ ორის ნახევარზე ამ დღეს. მათ ვერ მოუსმინეს სკოლაში მათი სკოლის ზარების გუგუნს, მაგრამ მათ გვერდით იდგა მთელი საქართველო. გილოცავთ, ახალგაზრდებო, ღმერთმა სულ წარმატებულ გზაზე გატაროთ და ჯანმრთელ ქვეყანაში გეცოცხლოთ“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

რაც შეეხება ბანკეტებს, აღინიშნა, რომ პანდემიის პერიოდში ბანკეტები არ უნდა ჩატარდეს.

„წელს ბანკეტები არ გვინდა, მომავალ წელს, როცა დამარცხდება კორონა, ორმაგად აღვნიშნოთ“,- დასძინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.