ხათუნა ზახაშვილი - კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიძლება ინახებოდეს სამ განსხვავებულ ტემპერატურაზე, არსებობს სათანადო სიმძლავრეები, რომ საქართველომ მიიღოს სამივე ტიპის ვაქცინა
ხათუნა ზახაშვილი - კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიძლება ინახებოდეს სამ განსხვავებულ ტემპერატურაზე, არსებობს სათანადო სიმძლავრეები, რომ საქართველომ მიიღოს სამივე ტიპის ვაქცინა

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიძლება ინახებოდეს სამ განსხვავებულ ტემპერატურაზე, არსებობს სათანადო სიმძლავრეები, რომ საქართველომ მიიღოს სამივე ტიპის ვაქცინა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საქართველოში მოსამაზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მოქალაქეებს ვაქცინა მიეწოდოთ დროულად და უსაფრთხოდ.

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები, ჯერჯერობით რაც არის ცნობილი, შეიძლება ინახებოდეს სამ განსხვავებულ ტემპერატურაზე. ქვეყანაში ახლა არსებობს სათანადო სიმძლავრეები, რომ მიიღოს და გამოიყენოს სამივე ტიპის ვაქცინა. რეალურად, მიმდინარეობს სრული მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ეს მზადყოფნა იყოს სრულფასოვანი და ადამიანებს ვაქცინა მიეწოდოთ უსაფრთხოდ, ეფექტურად და დროულად. სამივე ტიპის მიღების შანსი აქვს ქვეყანას. დღესდღეობით მეტი ინფორმაცია არავის აქვს, რომელი ვაქცინა იქნება, თუმცა შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ქვეყანაში მზადყოფნა სამივე ვაქცინის მიღებისთვის არსებობს.

ვართ მოლოდინის რეჟიმში. საქართველო გაწევრიანებულიაკოვაქსის“ პლატფორმაზე, სადაც პირველი შენატანი გადახდილი აქვს ქვეყანას და ელოდება ვაქცინის მოწოდებას. საქართველო დგას, ასე ვთქვათ, ქვეყნების რიგში, რომლებიც ამ პლატფორმაზე არიან და ვაქცინას ელიან ამ პლატფორმიდან. მეორე მხრივ, საქართველო აწარმოებს ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან, სხვადასხვა ქვეყანასთან და ცდილობს კიდევ დამატებითი დოზების შემოტანას“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზაფხულამდე შემოვიდეს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში შემოსული ვაქცინა უსაფრთხო იქნება.

„ეს შეიძლება იყოს უფრო ადრეც, ვიდრე გაზაფხულის პირველი თვეებია. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ქვეყანა შემოიტანს მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელსაც ექნება სანდო მარეგულირებლის მიერ აღიარება. ეს არის ევროპის ქვეყნების მარეგულირებლების აღიარება, ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებლის აღიარება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიკაცია, ან მასთან გათანაბრებული მდგომარეობის მინიჭება ვაქცინისთვის. სხვა ტიპის ვაქცინის შემოტანა საქართველოს მიერ არც განიხილება“, – განაცხადა ზახაშვილმა.