ხათუნა ზახაშვილი - „კოვიდ-19“ ცოტა განსხვავებული ხასიათის აღმოჩნდა, ყველაფერს აკეთებს, რომ თავი გადაირჩინოს
ხათუნა ზახაშვილი - „კოვიდ-19“ ცოტა განსხვავებული ხასიათის აღმოჩნდა, ყველაფერს აკეთებს, რომ თავი გადაირჩინოს

„კოვიდ-19“ ცოტა განსხვავებული ხასიათის აღმოჩნდა, ცოტა უფრო მეტად არის სიცოცხლის მოყვარული და როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ყველაფერს აკეთებს, რომ თავი გადაირჩინოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი იძენს უნარს, რომ უფრო სწრაფად გავრცელდეს ადამიანებში, თუმცა ამას თავისი მომაკვდინებელი თვისებების დაქვეითების ხარჯზე აკეთებს.

ზახაშვილის განმარტებით, მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ მძიმე და ლეტალური შემთხვევების ხვედრითი წილი ტენდენცია კაცობრიობის სასარგებლოდ შეიცვალა.

„ადამიანები, რომლებსაც წინა გრიპის პანდემიები ახსოვთ, კოვიდის პანდემიამ სრულიად სხვა რეალობაში მოაქცია. ამის მაგალითები სხვა კორონავირუსები იყო 21-ე საუკუნეში, რომელსაც კაცობრიობა მოერია, თუმცა ეს კორონა ცოტა განსხვავებული ხასიათის აღმოჩნდა თავიდანვე, ცოტა უფრო ჯიუტია, ეტყობა ცოტა უფრო მეტად არის სიცოცხლის მოყვარული და როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ყველაფერს აკეთებს, რომ თავი გადაირჩინოს. სწორედ ეს თავის გადარჩენის ელემენტი არის, როდესაც ვირუსი იძენს უნარს, უფრო სწრაფად გავრცელდეს ადამიანებში, ანუ უფრო მეტი ადამიანის დაზარალება გამოიწვიოს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან პატარა ორგანიზმი, ძალიან შეზღუდული გენეტიკური მასალა აქვს და იძენს თვისებას, რომ გადასარჩენად ბევრ ადამიანში უნდა გავრცელდეს, მან რაღაცის ხარჯზე უნდა გააკეთოს ეს და ეტყობა, აქვეითებს თავის მომაკვდინებელ თვისებებს. სწორედ ამ მომაკვდინელები თვისებების გამო უფრო მძიმე და ლეტალური გამოსავლით მიმდინარე შემთხვევების დიდ რიცხვს იწვევდა.

როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, დღეს მივიღეთ ვირუსის ეს სახეობა, რომ მან შეიძინა უნარი, უფრო იოლად მიემაგროს ადამიანურ რეცეპტორებს და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების ხასიათი მიიღოს. მეორე მხრივ, ვუყურებთ მსოფლიოს სტატისტიკას, რომელიც აჩვენებს, რომ თითქოს, მძიმე შემთხვევებისა და ლეტალური გამოსავლით დასრულებული შემთხვევების ხვედრითი წილის ტენდენცია შეიცვალა კაცობრიობის სასარგებლოდ, ანუ ნაკლებ ადამიანს აავადებს მძიმედ და ნაკლები ადამიანი კვდება დღეს კოვიდისგან, თუმცა, ეს კვლავ რჩება ძალიან დიდ გამოწვევად.

თუ შევადარებთ მსოფლიოს საერთო მოსახლეობას და კოვიდგატანილებს, ეს ჯერ კიდევ ძალიან პატარა რიცხვია, შესაბამისად ამ „სარსკოვ 2-ს“ ჯერ კიდევ უზარმაზარი აუდიტორია ჰყავს, რომ კიდევ გავრცელდეს, მოვლენები წინ გვაქვს. ანუ მთელ კაცობრიობას პანდემიის დასასრულამდე ჯერ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი“, – განაცხადა ზახაშვილმა.