ხათუნა ზახაშვილი - დადგა დრო, როდესაც ეჭვს არ იწვევს, რომ ვირუსი ქვეყნის შიგნით არის გავრცელებული, თუ არ დავიცავთ წესებს, არსებობს რისკი, თითოეული ჩვენგანი დავინფიცირდეთ
ხათუნა ზახაშვილი - დადგა დრო, როდესაც ეჭვს არ იწვევს, რომ ვირუსი ქვეყნის შიგნით არის გავრცელებული, თუ არ დავიცავთ წესებს, არსებობს რისკი, თითოეული ჩვენგანი დავინფიცირდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება არის ის, რასაც ელოდებოდნენ.

მისივე თქმით, დღეს ეჭვგარეშეა, რომ კოვიდ19 ქვეყნის შიგნით არის გავრცელებული.

„ახლანდელი სიტუაცია საქართველოში არის ის, რასაც მოველოდით, რაც აღწერილი იყო უკვე რამდენიმე ქვეყანაში, იქ, სადაც ჩვენზე ადრე დაიწყო ეს პროცესები და ჩვეულებრივ დამახასიათებელია ასეთი ტიპის ფართო გავრცელებებისთვის და პანდემიებისთვის.

ჩვენ ველოდით და დადგა ის დრო, როდესაც გაჩნდა ქვეყანაში ამ ვირუსის შიდა გავრცელება, როდესაც ეჭვს არ იწვევს, რომ ის არის გავრცელებული ქვეყნის შიგნით და რომ დღეს რეალურად თითოეულ ჩვენგანს გვაქვს რისკი, თუ არ დავიცავთ იმ ელემენტარულ წესებს, რაც არის რეკომენდირებული, გავხდეთ ამ ვირუსით ინფიცირებულები“,- განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე განმარტებით, აუცილებელია ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვა, რადგან მხოლოდ ეს იძლევა იმის იმედს, რომ საქართველო ნაკლები დანაკარგებით გადაიტანს პანდემიას.

„შესაბამისად, ყველა იმ წესის დაცვა, რაც რეკომენდირებულია, აქტუალურია დღეს ყველასთვის და მხოლოდ ამ გზით შეიძლება მივიღოთ ის, რომ პროცესები განვითარდეს თანმიმდევრულად და მდორედ, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ მძიმე ავადმყოფთა სიცოცხლე და გადავარჩინოთ ისინი სიკვდილისაგან. სხვა შემთხვევაში სამედიცინო დახმარების მიწოდება დიდი რაოდენობით დაავადებულთათვის ერთდროულად გახდება რთული, რაც, ერთი მხრივ, განპირობებული იქნება იმით, რომ სამედიცინო პერსონალი ვერ აუვა შემთხვევათა ასეთ რაოდენობას, ხოლო, მეორე მხრივ, სამედიცინო პერსონალი თვითონაც დგას დღეს მაღალი რისკის ქვეშ და დაავადებული პერსონალის მიერ შემთხვევების მოვლა კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. ამიტომ ერთადერთ საშუალებად, რაც არ უნდა უცნაური იყოს, დღეს, 21-ე საუკუნეში გვრჩება ის, რაც ოდითგანვე ცნობილი იყო კაცობრიობისთვის და ჩვენ არაფერს სიახლეს არ ვთავაზობთ ადამიანებს. ეს არის ძველი აპრობირებული ჭეშმარიტება – მაშინ, როდესაც ვრცელდება დაავადება, ჩვენ უნდა მოვერიდოთ გარშემომყოფებთან ურთიერთობას, ახლო კონტაქტებს. დაავადებულები უნდა გაშორდნენ საზოგადოებას და ამ გზით შევამციროთ ინფექციის გადაცემის ტემპი და დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული ნორმები, რომელიც რეკომენდირებულია ასეთი ინფექციების გავრცელების დროს. მხოლოდ ეს მოგვცემს იმის იმედს, რომ ჩვენი ქვეყანა ნაკლები დანაკარგებით გადაიტანს პანდემიას“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.