ხათუნა ზახაშვილი - არ უნდა ვიყოთ ძალიან შეშინებულები, რომ არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არ აქვს კორონავირუსის სიმპტომები და სინამდვილეში ავადაა
ხათუნა ზახაშვილი - არ უნდა ვიყოთ ძალიან შეშინებულები, რომ არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არ აქვს კორონავირუსის სიმპტომები და სინამდვილეში ავადაა

არ უნდა ვიყოთ ძალიან შეშინებულები, იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს მისტიური, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არ აქვს სიმპტომები და სინამდვილეში ავად არის ან შეიძლება გაავრცელოს ეს ინფექცია, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც კორონავირუსის უსიმპტომო შემთხვევებს შეეხებოდა.

მისი თქმით, უსიმპტომო ინფიცირებულების რაოდენობა ძალიან ბევრი ნამდვილად არ უნდა იყოს.

„მგონია, რომ ასეთ ადამიანთა რაოდენობა ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ნამდვილად არ უნდა იყოს და ამის მტკიცების საშუალებას, რამდენიმე არაპირდაპირი ინდიკატორი გვაძლევს, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით. ეს არის იგივე ცხელებით მიმდინარე დაავადების დროს, მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში ეს სისტემა არის კარგად აწყობილი, ადამიანები ხვდებიან ე.წ. ცხელების კლინიკებში და ვინც ხვდება ცხელების კლინიკაში, აბსოლუტურად ყველას უტარდება კოვიდინფექციაზე ტესტირება და მათ შორის, დადებითობის მაჩვენებელი რომ დაბალია, ეს იმის ნიშანია, რომ რეალურად ცხელებით მიმდინარე ყველა დაავადების მიზეზი ნამდვილად არ არის კორონავირუსი. ამასთან, ჩვენ გვაქვს ე.წ. საყრდენი ბაზებით ზედამხედველობა რესპირაციულ ვირუსებზე და ამ საყრდენ ბაზებზე ჯერ კოვიდი არ დაგვიჭერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის საყოველთაო და ყველგან გავრცელებული. ამასთან, ჩვენთან იტესტება ნებისმიერი პნევმონია ისევ ამ ვირუსის არსებობაზე და აქაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

მსოფლიოში ცნობილია, რომ ეს ინფექცია არსაიდან არ შეიძლება დაემართოს ადამიანს და ყოველთვის არის მიბმული ვიღაცაზე, რომელიც არის დაავადებული და მისგან გადაცემაზე ზედამხედველობის სამსახურები კარგად ადგენენ და კარგად მისდევენ თითოეული ახალგამოვლენილი შემთხვევის კონტაქტებს და ხდება ამ კონტაქტირებულების მაქსიმალური გამოვლენა და მიდევნება. ყველა შემდგომი შემთხვევა იოლად დგინდება ხოლმე, რომ რაღაცასთან იყო კავშირში. ასე რომ, ასე უცებ, განუსაზღვრელად და მოულოდნელად დაავადების ასეთი კერები არ ჩნდება. რეალურად არსებობს მოლოდინი, არსებობს ამ ტერიტორიებზე ზედამხედველობის გამკაცრებული რეჟიმები. არ წყდება შემთხვევების აღმოჩენა თუ გამოვლენა. ეს ყველაფერი იძლევა გარკვეულ მტკიცებულებას იმისა, რომ არ უნდა ვიყოთ ძალიან შეშინებულები, იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს ესეთი რაღაც მისტიკური ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არ აქვს სიმპტომები და სინამდვილეში ავად არიან ან შეიძლება გაავრცელონ ეს ინფექცია. ვიმედოვნებთ ეს ასე არ იქნება, ვიღაცები გადაიტანენ ამას ძალიან მსუბუქად ან შეიძლება თვითონ ჩათვალონ, რომ მთლიანად უსიმპტომოდაც კი, მაგრამ ასეთთა რაოდენობა არ იქნება იმდენად დიდი ან ისეთი ყოვლისმომცველი რომ დაავდების გავრცელება გამოგვეპაროს სადმე, რომელიმე ტერიტორიაზე“, – განაცხადა ზახაშვილმა.