ხათუნა ზახაშვილი - არ მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობის ფასად განათლება სრულიად უნდა გავწიროთ, განათლებას თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს საზოგადოებაში
ხათუნა ზახაშვილი - არ მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობის ფასად განათლება სრულიად უნდა გავწიროთ, განათლებას თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს საზოგადოებაში

მობილობის ზრდასთან ერთად, იზრდება დაავადებულთა რაოდენობა და იზრდება დაავადების გავრცელება, ამას ვერ გავექცევით, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობის ფასად განათლება სრულიად უნდა გავწიროთ, განათლებას თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს საზოგადოებაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განაცხადა.

როგორც ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება მზად უნდა იყოს, რომ მომავალ თაობას ძალიან სრულფასოვანი განათლება მისცეს. როგორ, რა საშუალებით და რა ხერხებით, ეს სხვა თემაა.

„ეს ორი ფუნდამენტური უფლებაა – ადამიანის ჯანმრთელობისა და განათლების უფლებები. არც ერთის წართმევა არ უნდა მოხდეს და მით უმეტეს, ერთიმეორის ხარჯზე. მაგრამ აქაც გარკვეული მოდელირების პრინციპით შეიძლება წავიდეთ. ვიცით, რომ გაიზრდება მობილობა, გაგვეზრდება შემთხვევათა რაოდენობა, ამას ველოდებით. არის კიდევ სხვადასხვა მოცემულობა, რომელიც დღეს უკვე ცნობილი გახდა ამ ვირუსის შესახებ. კერძოდ, ცნობილია, რომ 10 წლამდე ასაკში ამ ვირუსით ინფიცირებული ბავშვები უფრო ნაკლებად გადამდები არიან სხვებისთვის, ვიდრე მოზრდილი ადამიანები. ესეც ერთ-ერთი მოსაზრებაა ჰიპოთეზის სახით და ჯერ სრულად დამტკიცებული არ არის, მაგრამ არსებობს ასეთი აზრი და ეს არ ნიშნავს, რომ ეს ბავშვები სრულიად არ გადასდებენ სხვას – არა, გადასდებენ, მაგრამ იმდენად არა, რამდენადაც მოზრდილები. შესაბამისად, შეიძლება შევაფასოთ, თუ მცირე ასაკის ბავშვებს მივცემთ იმ მობილობის უფლებას, რომ ისინი ივლიან სკოლაში, იქ დაცული იქნება ადეკვატური პირობები ისე, რომ ამ ბავშვებში გავრცელების რისკი შევამციროთ“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, თუ რომელიღაც კლასში აღმოჩნდება შემთხვევა, ამ კლასის ბავშვები დროებით იზოლაციაში გადავლენ ან დისტანციურ სწავლებაზე იქნებიან.

„თუ ეს კლასი იქნებოდა სწავლის პროცესშიც და შესვენებების პროცესშიც, რამდენამდე დისტანცირებული სხვა კლასებისგან; თუ მასწავლებლები ზედმიწევნით დაიცავენ რეკომენდებულ ჰიგიენურ წესებს, ბავშვებთან ურთიერთობისას დაიცავენ დისტანციას, ერთმანეთთან ურთიერთობის დროს ყოველთვის გამოიყენებენ ნიღაბს, მე მიმაჩნია, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც შეიძლება ხანდახან კვლევაც და შემთხვევითი შერჩევის ან შეცდომების ხარჯზე, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე ითვლებოდა სამყაროში, დაიწყოს სრულფასოვანი სწავლის პროცესი, განსაკუთრებით – დაბალკლასელთათვის. მერე და მერე ცნობილი კიდევ უფრო მეტი გახდება, მეტს შევძლებთ, უფრო მეტად ჩამოყალიბდება ის ტექნიკური შესაძლებლობები, რითაც შეიძლება მივაწოდოთ ცოდნა უფროსკლასელებს, სტუდენტებს, და ცოდნის დეფიციტის ხარჯზე შევძლოთ ხანგრძლივად შევინარჩუნოთ არა ძალიან მკვეთრად გავრცელებადი ინფექციის პროცესი ან ისეთი პროცესი, რომლის მართვაც შეიძლება. პროცესი, როდესაც სამედიცინო საზოგადოება და სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ დაავადებულებს“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.