ხათუნა ზახაშვილი - ადამიანები საავადმყოფოდან ეწერებიან მხოლოდ ორჯერადი ოქროს სტანდარტის უარყოფითი ლაბორატორიული შედეგის შემდეგ, რაც იმის გარანტიაა, რომ ისინი ჯანმრთელები უბრუნდებიან საზოგადოებას
ხათუნა ზახაშვილი - ადამიანები საავადმყოფოდან ეწერებიან მხოლოდ ორჯერადი ოქროს სტანდარტის უარყოფითი ლაბორატორიული შედეგის შემდეგ, რაც იმის გარანტიაა, რომ ისინი ჯანმრთელები უბრუნდებიან საზოგადოებას

ადამიანები საავადმყოფოდან ეწერებიან მხოლოდ და მხოლოდ ორჯერადი ოქროს სტანდარტის უარყოფითი ლაბორატორიული შედეგის მიღწევის შემდეგ, რაც იმის გარანტიაა, რომ ისინი ნამდვილად არ იქნებიან გარემოში გამოსვლის მერე დაავადების გამავრცელებლები და ჯანმრთელ ადამიანებად უბრუნდებიან საზოგადოებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში გამოჯანმრთელების სტატისტიკის მიხედვით ითქვას, რომ ვირუსის გავრცელების დაღმასვლა იწყება, ზახაშვილმა აღნიშნა, რომ ამას ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით.

„ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, დიახ, დღითიდღე გაიზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, რადგან ამ დაავადებას ეს უცნაურობა აქვს, საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობს ხოლმე და დიდხანს არიან სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ადამიანები, რომლებიც ავადდებიან კოვიდინფექციით. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვანაირი სტანდარტით აფასებს რეალურად გამოჯანმრთელების მომენტს და ჩვენ გვაქვს ეპიდემიოლოგიურად ყველაზე უფრო გარანტირებული სტანდარტი დაწესებული, როდესაც ყველა ინფიცირებული ხვდება საავადმყოფოში და იმყოფება სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს მათზე ადეკვატურ, კარგ სამედიცინო ზედამხედველობას და ასევე, უსაფრთხოებას, რომ ისინი არ იქნებიან დაავადების შემდგომი გამავრცელებლები. ამასთან, ეს ადამიანები საავადმყოფოდან ეწერებიან მხოლოდ და მხოლოდ ორჯერადი ოქროს სტანდარტის უარყოფითი ლაბორატორიული შედეგის მიღწევის შემდეგ, რაც იმის გარანტიაა, რომ ეს ადამიანები ნამდვილად არ იქნებიან გარემოში გამოსვლის მერე დაავადების გამავრცელებლები და ისინი სრული გაჯანსაღების შემდეგ გადიან საავადმყოფოდან და ჯანმრთელ ადამიანებად უბრუნდებიან საზოგადოებას. ასეთი ტიპის მიდგომა ადამიანთა გაჯანსაღებისკენ ბევრ ქვეყანას არ აქვს და ვთვლი, რომ ეს კიდევ ერთი კარგი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისგან ამ ადამიანთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. ამიტომაც გვაქვს ჯერ დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი“, – განაცხადა ზახაშვილმა.