ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგარეო ოპერაციების სამსახურის დირექტორს შეხვდა
ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგარეო ოპერაციების სამსახურის დირექტორს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგარეო ოპერაციების სამსახურის დირექტორს, კრისტიან მართანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას, კრისტიან მარმა ისაუბრა საქართველოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის თანამშრომლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ სასამართლო კმაყოფილია ქართულ მხარესთან მუშაობით და მნიშვნელოვანია, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს.

„ამავე კონტექსტში, კრისტიან მარმა ისაუბრა საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის სამომავლო საქმიანობის თაობაზე და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ აღმოჩენილი ხელშეწყობისთვის.

თავის მხრივ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფო, განუხრელად ემხრობა რომის სტატუტის პრინციპებსა და მიზნებს, ასევე მხარს დაუჭერს ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულიიქნება სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდისა და სერიოზული საერთაშორისო დანაშაულების ჩამდენ პირთა დაუსჯელობის აღკვეთისკენ.  

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში, შესაძლო დანაშაულების გამოძიების დაწყებას, ასევე მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს მის ჩატარებას.