ხათუნა თოთლაძე - საქართველო აცნობიერებს, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა შეუძლებელია ქალების ეკონომიკური გაძლიერების გარეშე
ხათუნა თოთლაძე - საქართველო აცნობიერებს, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა შეუძლებელია ქალების ეკონომიკური გაძლიერების გარეშე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ხათუნა თოთლაძე სიტყვით გამოვიდა ქალთა სტატუსის კომისიის 63-ე სესიის გენერალური დისკუსიის ფარგლებში.

როგორც ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, საქართველო სრულად აცნობიერებს ვალდებულებას, როგორც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს ახალი წევრი და გამოთქვამს მზადყოფნას, შეიტანოს წვლილი გლობალურ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია გენდერული თანასწორობის დღის წესრიგის გაუმჯობესებისკენ.

მისივე თქმით, უდიდეს მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საქართველომ გასულ წელსაც მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დაინერგა ეროვნული სამოქმედო გეგმები ოჯახური ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ნაციონალიზაციისა და მათი ეროვნულ გეგმებად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ყველა მათგანში ასახულ იქნა შესაბამისი გენდერული ინდიკატორები გენდერული თანასწორობის ეროვნული პოლიტიკის უკეთ გატარების მიზნით.

როგორც ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, საქართველო აცნობიერებს, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა და მდგრადი განვითარების მიზნები შეუძლებელია ქალების ეკონომიკური გაძლიერების გარეშე და აქედან გამომდინარე, 2018-2020 სამთავრობო სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებების შესახებ ითავსებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება, სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებების იდენტიფიცირება, რესურსებზე ხელმისაწვდომობა და ა.შ.

ხათუნა თოთლაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია ხელს უშლის საქართველოს მთავრობას, გაავრცელოს ადამიანის უფლებათა დაცვის ჩარჩო ქალებზე და გოგონებზე, რომლებიც ხელოვნურად და არალეგალურად აღმართული მავთულხლართების მიღმა რჩებიან.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების არარსებობა.