ხათუნა თოდაძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის დროულად ვიწყებთ მზადებას
ხათუნა თოდაძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის დროულად ვიწყებთ მზადებას

ნარკოლოგ ხათუნა თოდაძის განცხადებით, საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის სერვისები საერთოდ არ არსებობს, ან გაძლიერება სჭირდება. ამის შესახებ თოდაძემ ჯანდაცვის სამინისტროში, ნარკოლოგებთან და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“არის მიმართულებები, მაგალითად ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც საკმაოდ კარგად არის განვითარებული და მოცვა პაციენტებისა მაღალია, დაფინანსებაც კარგია სამინისტროს მხრიდან და სრულიად უფასოდ მიეწოდება პაციენტებს. მაგრამ არის ასევე სერვისები, რომელსაც სჭირდება გაძლიერება. მაგალითად დეტოკსიკაციის სერვისი თანმხლები რეაბილიტაციით, არის გარკვეული ტიპის სერვისები, რომელსაც საერთოდ ნულიდან სჭირდება აშენება და დაწყება. ეს არის ე. წ. რეზიდენტული ტიპის რეაბილიტაცია, რომელიც დღეს სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტების უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს ამის საჭიროება და არის მზაობა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ამას ემატება კადრების პრობლემა, როგორც ექიმ-ნარკოლოგების, ისე სოციალური მუშაკების, მაგრამ ეს ყველაფერი გადაწყვეტადია. ვფიქრობ, ძალიან დროულად ვიწყებთ მზადებას. როდესაც კანონი შევა ძალაში, ამ პრობლემების დიდი ნაწილი იქნება მოგვარებული. ჩვენი რჩევაა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვიმუშაოთ. სწორედ უახლოესი დავალება, რაც მივიღეთ მათგან, ეს გახლავთ ის, რომ საბოლოოდ უნდა აღვრიცხოთ, რა შეგვიძლია დავითვალოთ და დღევადენლი რეალობა მივაწოდოთ “,- განაცხადა ხათუნა თოდაძემ.