ხათუნა სამნიძემ და ანი წითლიძემ პარლამენტში გამოფინეს პლაკატი წარწერით, „მატყუარა კაცების პარლამენტი“

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანი წითლიძემ პარლამენტში გამოფინეს პლაკატი წარწერით, „მატყუარა კაცების პარლამენტი“.

როგორც ისინი აცხადებენ, „ქალთა მოძრაობის“ წევრებს დღეს პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

„ქალთა მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ საარჩევნო კოდექსში იმ ჩანაწერს, რომელიც ეხება ქალთა კვოტირებას, კერძოდ, ახალი ცვლილებებით საკრებულოში საარჩევნო სიაში პოლიტიკურ პარტიებს სამი წევრიდან ერთი უნდა ჰყავდეთ ქალი. მოქმედი რეგულაციით კი, ორი წევრიდან ერთი უნდა იყოს ქალი.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხათუნა სამნიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ქალთა კვოტირების დებულებას „შარლ მიშელის ფრაქციამ“ დაუჭირა მხარი.

„ქალბატონ ხათუნას მინდა მივმართო, ქალბატონო ხათუნა, საპროტესტო ბანერს რაც შეეხება, სავარაუდოდ, თქვენ გულისხმობთ გენდერულ კვოტებს, ამ დებულებას კომიტეტზე მხარი დაუჭირა „შარლ მიშელის ფრაქციამ“. ასე რომ, ეგ ბანერი შეგიძლიათ, ფრაქციის ოთახში გადმოკიდოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.