ხათუნა სამნიძე - ვთხოვეთ და ავუხსენით პარტნიორებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალოს, კარის გაჯახუნება, უარის თქმა გაუვათ და არ დაუჯდებათ ძვირი, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები
ხათუნა სამნიძე - ვთხოვეთ და ავუხსენით პარტნიორებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალოს, კარის გაჯახუნება, უარის თქმა გაუვათ და არ დაუჯდებათ ძვირი, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები

ჩვენი პარტნიორები რა თქმა უნდა შეშფოთებულნი არიან არა მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი გაფრთხილების, დისკუსიის, რეალური არგუმენტის გარეშე თქვა, რომ ანულირებას უკეთებს ხელშეკრულებას, პრაქტიკულად უარს ეუბნება ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედტის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესის კიდევ უფრო რადიკალიზაციის საფრთხეა.

„რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართება ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც გარანტორები იყვნენ ამ შეთანხმების. მოგეხსენებათ ეს შეთანხმება გაფორმდა არა პარტიებს შორის, არამედ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების გარანტიით. სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელი. საფრთხეები, რომელსაც ვხედავთ, ეს არის პროცესის კიდევ უფრო რადიკალიზაცია. წინასაარჩევნო პერიოდში პოლარიზება, ზიზღი, სიძულვილი, დაპირისპირება, ქაოსი არის პირდაპირ დახმარება რუსეთისთვის, რომ აქ არჩევნები არ ჩატარდეს ნორმალურად. „ქართული ოცნება“ უკვე აანონსებს, რომ არჩევნების მერე არ იქნება სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა ვთხოვეთ და ავუხსენით პარტნიორებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალოს, ასე კარის გაჯახუნება და უარის თქმა ჩვენს პარტნიორებზე გაუვათ და არ დაუჯდებათ ძვირი, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

ჩვენი პარტნიორები ახლა ესაუბრებიან ყველა პოლიტიკურ ძალას, ხელმომწერებს, ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის სახელისუფლებო პარტიას, რომ მაქსიმალურად გაიგონ ვითარება, რას ვხედავთ, რა პროგნოზებია და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა ჩვენი რეკომენდაცია, თხოვნა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად დაინახოს, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მას, იმიტომ რომ სხვა ენა მათ არ ესმით, როდესაც ის კარს უჯახუნებს ევროპას და ამერიკას. უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, ჩვენი რეკომენდაცია რა თქმა უნდა არის კონკრეტული სანქციები. იმედი მაქვს, რომ ისეთი პასუხი იქნება ჩვენი პარტნიორებისგან, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად დაინახავს, საკუთარ ძალაუფლებას, არ უნდა გადააყოლოს ქვეყანა და ვეღარ გაბედონ ასეთი გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა სამნიძემ.