ხათუნა სამნიძე - უკრაინული მხარე ელოდებოდა საქართველოს სახელით ჩასულ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ეს არის სერიოზული ნაბიჯი, რათა აღდგეს ურთიერთობები და შევძლოთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა
ხათუნა სამნიძე - უკრაინული მხარე ელოდებოდა საქართველოს სახელით ჩასულ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ეს არის სერიოზული ნაბიჯი, რათა აღდგეს ურთიერთობები და შევძლოთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შედგა.

სამნიძის თქმით, აღნიშნული ვიზიტი დაგვიანებული იყო, თუმცა მთავარია, რომ ის განხორციელდა.

ხათუნა სამნიძის განმარტებით, ყველაფერი ადასტურებს, რომ უკრაინული მხარე ელოდებოდა საქართველოს სახელით ჩასულ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.

„ასეთი ვიზიტი იყო უმნიშვნელოვანესი. იმ დაზიანებული ურთიერთობების აღსადგენად, რაც გამოიწვია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რბილად რომ ვთქვა, სერიოზულმა შეცდომებმა და არასწორმა განცხადებებმა, პირველი ნაბიჯი აუცილებად იყო საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლა, ვიზიტი. დახვედრა, საუბარი, თემები, რაზეც ვისაუბრეთ, შეთანხმებები, ის, რომ ყველა შეხვედრაზე, სადაც წავედით, გვახლდა სპიკერი, ის იყო ჩვენი თანმხლები გიდი და ყველაფერს გვიხსნიდა – ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ უკრაინული მხარე ძალიან ელოდებოდა ქართულ დელეგაციას, დაგვიანებულიც კი იყო ასეთი ვიზიტი, მაგრამ მთავარია, რომ შედგა. დიახ, ისინი ელოდებოდნენ საპარლამენტო დელეგაციას, საქართველოს სახელით ჩასულ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას და ეს არის სერიოზული ნაბიჯი, რათა აღდგეს ურთიერთობები და შევძლოთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა.

თავად სპიკერმა შეგვახსენა, გვითხრა, შემოგთავაზა, ხომ არ შეიძლებოდა, კიდევ ერთხელ განგვეხილა სანქციების და პროპაგანდისტული რუსული არხების საკითხი. ისევე როგორც მათ მიიღეს გადაწყვეტილება და ისინი არ მაუწყებლობენ, ხომ არ შეიძლება, მსგავსი გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენ. ეს არის შემოთავაზების დონეზე განსახილველი საკითხები, რაზეც მსჯელობა გვთხოვა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი ამ ურთიერთობების აღდგენისკენ და შემდეგი ნაბიჯებისთვის აუცილებლად უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ და რა თქმა უნდა, ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებასთან ერთად. უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, სამნიძე ამბობს, რომ მძიმე ვითარების მიუხედავად, უკრაინელი ხალხი ძალიან მხნედაა.

„იმ ტრაგიკული სურათის, მძიმე ვითარების მიუხედავად, რაც ვნახეთ, და კადრები ერთია, ამის რეალურად ნახვა სულ სხვა ტიპის განცდაა, მიუხედავად ამისა, უკრაინელი ხალხი არის ძალიან მხნედ და გველაპარაკნენ გამარჯვების შემდეგ აღდგენის და რეკონსტრუქციის პროცესში ჩვენს ჩართულობაზე. ესეც კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო და უკრაინა მხარდამხარ უნდა იბრძოდეს ამ ბრძოლაში, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი“, – განაცხადა სამნიძემ.

გარდა ამისა, ხათუნა სამნიძის თქმით, გული სწყდება, რომ ყველაზე დიდი ფრაქცია არ იყო წარმოდგენილი ამ დელეგაციაში.

„ისეთი სურათი იყო იქ და ჩვენ ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, ისეთი მტერი გვყავს საქართველოს და უკრაინას, რომ ვინ იყო დელეგაციაში, ვინ ვის წაყვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, იმდენად მეორე ხარისხოვანია, იმდენად არაკვალიფიციური და არასერიოზული მსჯელობაა, რომ არც კი შევხებივართ ამ თემას. ძალიან გული მწყდება, რომ ყველაზე დიდი ფრაქცია არ იყო ამ დელეგაციაში წარმოდგენილი, მაგრამ ამ ტიპის ურთიერთობების დროს ეს არის მეათასე ხარისხოვანი საკითხი, ეს უნდა გავიაზროთ საქართველოში. აქედან გვეჩვენება, რომ ვინმე ამაზე ფიქრობს, სინამდვილეში, უკრაინას სჭირდებოდა საქართველოს სახელით ჩასული დელეგაცია და სწორედ ასეთი დელეგაცია შეხვდა მას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.