ხათუნა სამნიძე - ტექნიკური მიზეზის გამო ადამიანის დამალვა და შემდეგ კადრების გავრცელება არის დასტური, რომ ხელისუფლებისთვის არ არსებობს წითელი ხაზები, კანონი, ადამიანის ღირსება
ხათუნა სამნიძე - ტექნიკური მიზეზის გამო ადამიანის დამალვა და შემდეგ კადრების გავრცელება არის დასტური, რომ ხელისუფლებისთვის არ არსებობს წითელი ხაზები, კანონი, ადამიანის ღირსება

ხელისუფლება როდესაც ასეთ ნაბიჯებს დგამს, ეს ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ თავად ქმნის ბარიერებსა და პრობლემებს ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების თემაზე განაცხადა.

„ხელისუფლების მხრიდან გუშინ გადადგმული ნაბიჯი, ჯერ ტექნიკური მიზეზის გამო ადამიანის დამალვა და შემდეგ კადრების გავრცელება, არის დასტური, რომ ამ ხელისუფლებისთვის საერთოდ არ არსებობს არც წითელი ხაზები, არც კანონი, არც ადამიანის ღირსება და შეუძლიათ, აჩვენონ საზოგადოებას, რომ მზად არიან შურისძიებისა და ბიძინა ივანიშვილის ბრძანების შესრულებისთვის. ეს არის ძალიან მძიმე, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ხელისუფლება. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველა ასეთი კადრი გავლენას ახდენს ისეთ პროცესზე, რასაც ჰქვია სტატუსის მოპოვებისკენ გზა. როდესაც ასეთ ნაბიჯებს დგამს, რა თქმა უნდა, ეს ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ თავად ქმნის ბარიერებსა და პრობლემებს ქვეყნისთვის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გუშინ გამოაქვეყნა.