ხათუნა სამნიძე - შარლ მიშელის ვიზიტი არის დადასტურება, რომ ევროკავშირის, პარტნიორების ჩართულობა გაიზრდება და ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას
ხათუნა სამნიძე - შარლ მიშელის ვიზიტი არის დადასტურება, რომ ევროკავშირის, პარტნიორების ჩართულობა გაიზრდება და ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას

„ქართულ ოცნებას“ თუ აქვს ილუზია, წარმოდგენა, რომ ევროკავშირისგან, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან რაიმე დონეზე, რომელიღაც დღეს ინტერესი შემცირდება ან აღარ იქნება ასეთი სერიოზული ყურადღება, შარლ მიშელის ვიზიტი არის დადასტურება, რომ ჩართულობა გაიზრდება და ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს „პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და ხელისუფების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე“.

„ევროკავშირი ხედავს საკუთარ სერიოზულ როლს, რომ კრიზისი, პოლიტიკური დაპირისპირება, პოლარიზაცია, აუცილებელია გადაწყდეს ისე, რომ უპირველესად, ხელისუფლებამ გაიაზროს მთავარი ტვირთი. პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომ ოპოზიციას შესთავაზოს კომპრომისები. ასეთ ფონზე, ჩვენ ვხედავთ დაპატიმრებებს, პოლიტიკურ დევნას. დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი მეგობრები, არ აპირებენ, ყურადღება მოადუნონ ან მხოლოდ განცხადებებით შემოფარგლონ თავიანთი როლი. ჩართულობა იქნება უფრო მეტი. „ქართულ ოცნებას“ თუ აქვს ილუზია ან წარმოდგენა, რომ ევროკავშირისგან, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან რაიმე დონეზე შემცირდება ინტერესი ან აღარ იქნება სერიოზული ყურადღება, ეს ვიზიტი არის დამადასტურებელი, რომ ჩართულობა გაიზრდება და ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას.

ჩვენ ვილაპარაკეთ ძირითად პრობლემაზე – პოლიტიკური დევნა. როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა, შეუძლებელია, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ენდობოდეს ორი მხარე ან შესაძლებელი იყოს ორ მხარეს დიალოგი. ამიტომ ყველა სხვა მოთხოვნასთან ერთად, რომელზეც ლაპარაკობს ოპოზიცია, პირველი ამოცანა არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, შარშანდელი 8 მარტის შეთანხმების შესრულება, რაც ხელისუფლების პირველი ვალდებულებაა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.