ხათუნა სამნიძე - შარლ მიშელის დოკუმენტი არის პოზიტიური, პროგრესული, სადაც მკაფიოდაა ჩაწერილი ორი პრინციპული საკითხი
ხათუნა სამნიძე - შარლ მიშელის დოკუმენტი არის პოზიტიური, პროგრესული, სადაც მკაფიოდაა ჩაწერილი ორი პრინციპული საკითხი

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მედიატორების მიერ პარტიებისთვის წარდგენილი ბოლო დოკუმენტი პოზიტიური და პროგრესულია.

მისივე თქმით, თავად მზადაა, შეუერთდეს შეთანხმებას.

„დოკუმენტი არის პოზიტიური, პროგრესული. დოკუმენტში ჩანს ორი პრინციპული საკითხი მკაფიოდ ჩაწერილი. ამიტომ მე მაშინვე განვაცხადე, რომ მზად ვარ, შევუერთდე, მთავარია, ხელისუფლების პოზიცია გავიგოთ. კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი მედიატორების, საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მძიმე შრომის შედეგად, დათანხმდა შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტის ბოლო ვერსიას. ჩვენ მზად ვართ, შევუერთდეთ ამ შეთანხმებას, ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები, უახლოეს დღეებში დასრულდება და საბოლოოდ ვნახავთ, შეთანხმება შედგება, თუ არა. ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ შეთანხმების მონაწილეები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.