ხათუნა სამნიძე - საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე არც გვერდის ავლა მოხდეს და პირიქით, ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებების გვერდით იდგეს
ხათუნა სამნიძე - საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე არც გვერდის ავლა მოხდეს და პირიქით, ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებების გვერდით იდგეს

საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე არც გვერდის ავლა მოხდეს და პირიქით, ქვეყანა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდით იდგეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით არაერთი პოლიტიკური განცხადება გაკეთებულა, მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, ჩანს, რომ ეს მტკიცებულებები არ არის და საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არც გვერდის ავლა მოხდეს სანქციებზე და პირიქით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერით იდგეს“, – განაცხადა სამნიძემ.

სამნიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, თუ რა მნიშვნელობას იძენს ავსტრიის კანცლერის განცხადებები საქართველოს მთავრობის მიმართ აღნიშნული ბრალდებების ფონზე.

„ეს არის დასტური მისგან, რომ საქართველო დგას ევროკავშირის გადაწყვეტილებების გვერდით. ძალიან ბევრი არასწორი განცხადების მიუხედავად, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ კონკრეტულ საკითხებში, რაც ეხება სანქციებს, საქართველო არ არის სივრცე, სადაც გვერდის ავლაა შესაძლებელი“, – განაცხადა სამნიძემ.

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, გუშინ განაცხადა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და აქვე, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ დახმარების მზადყოფნა გამოხატა.

კარლ ნეჰამერის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. „ეს არ არის მარტივი, რადგან საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია, ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთიდან“, – აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.