ხათუნა სამნიძე - სამწუხაროდ, ხშირად არის განცდა, რომ აზრი არ აქვს მუშაობას „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს არის მცდარი განწყობა, შრომას, ბრძოლას, ყოველთვის აქვს აზრი
სამწუხაროდ, ხშირად არის განცდა, რომ აზრი არ აქვს არავითარ მუშაობას „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს არის მცდარი განწყობა, რომელიც ნიჰილიზმში აგდებს საზოგადოებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.
სამნიძის თქმით, კომპრომისი, რომელიც გვჭირდება დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულებისთვის ორივე მხრიდან, არის წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის.
ამასთან, სამნიძემ მოუწოდა უმრავლესობის წევრებს, ისე ისაუბრონ ქვეყნის შიგნითაც, როგორც საუბრობენ ქვეყნის გარეთ.
„სამწუხაროდ, ხშირად ისმის და არის განცდა, რომ აზრი არ აქვს არავითარ მუშაობას „ქართული ოცნების“ პირობებში. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მცდარი განწყობა, მცდარი განცხადება, რომელიც ნიჰილიზმში აგდებს საზოგადოებას. აზრი აქვს შრომას, ბრძოლას, როგორც ყოველთვის ამ პროცესში, თუნდაც ვხედავდეთ, რომ ერთგვარ ბარიერს ქმნის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, სტატუსი მიგვეღო და მივიღოთ მომავალში. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტია, როდესაც მე ვნახე, რა ენით საუბრობს „ქართული ოცნება“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რა განცხადებები გვესმის ქვეყნის შიგნით. ეს აზიანებს სწორედ ჩვენს ევროპულ გზას, მიგიწოდებდით, ზუსტად ისე ისაუბროთ ქვეყნის შიგნითაც, შეწყვიტოთ თავდასხმები დასავლურ ფასეულობებზე, დასავლელ კოლეგებზე, რაც, სამწუხაროდ, აქ ხშირად ისმის.
ასევე მოვისმინეთ უმრავლესობის წარმომადგენლისგან, რომ თითქოს კომპრომისი უკან გადადგმული ნაბიჯია, პირიქით, კომპრომისი, რომელიც გვჭირდება, განსაკუთრებით, დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულებისთვის ორივე მხრიდან, სწორედ წინ გადადგმული ნაბიჯია, კომპრომისი ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის. სტატუსი ეკუთვნის ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ყველას შრომას, ბრძოლას, მუშაობას, თანამშრომლობას, დიალოგს, კომპრომის აქვს აზრი, არის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა ამ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის არის ნომერ პირველი ამოცანა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემაა, თუნდაც 12 პუნქტის შესრულების გზაზე, დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულებისთვის, სადაც არ ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ იყოს მზად და უკან გადადგმულ ნაბიჯს ეძახის კომპრომისს. დიალოგს სჭირდება ყველა მხრიდან მუშაობა და ეს არის კომპრომისი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კოლეგებს უმრავლესობიდან, ისე ისაუბრეთ ქვეყნის შიგნითაც, როგორც საუბრობთ ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა სამნიძემ.