ხათუნა სამნიძე - სახალხო დამცველის არჩევის წესზე ერთ-ერთ ყველაზე კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა, მიუხედავად ამისა, რთულია ოპტიმიზმი, მაგრამ პროცესიდან გამოთიშვა სწორი არ მგონია
ხათუნა სამნიძე - სახალხო დამცველის არჩევის წესზე ერთ-ერთ ყველაზე კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა, მიუხედავად ამისა, რთულია ოპტიმიზმი, მაგრამ პროცესიდან გამოთიშვა სწორი არ მგონია

შემიძლია ვთქვა, რომ დღეს იყო ერთ-ერთ ყველაზე ნორმალური და კონსტრუქციული შეხვედრა, რაც აქამდე გვქონია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შეხვედრას ესწრებოდა ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა.

„შეხვედრაზე საუბარი იყო, როგორი უნდა იყოს ბრძანება, რომელსაც გამოსცემს პარლამენტის სპიკერი ომბუდსმენის შერჩევის საკითხზე. შეხვედრები გაგრძელდება. ეს არ იყო საბოლოო შეხვედრა. თითქმის ყველა პრინციპული საკითხი გათვალისწინებული იქნა მეორე რედაქციაში. ვნახავთ, როგორ იქნება ეს ყველაფერი ასახული და გაგრძელდება უკვე საუბარი კომისიის შემადგენლობაზე, როგორ უნდა შეირჩეს ის ცხრა ადამიანი კომისიის შემადგენლობაში, რომლებიც შეფასებას დაუწერენ ომბუდსმენის კანდიდატებს ამ პროცესში“,- აღნიშნა სამნიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, კონსტრუქციული შეხვედრის მიუხედავ, ოპტიმიზმი რთულია. ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია, ოპოზიცია ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული.

„რთულია, ვიყოთ პოზიტიურად განწყობილი, რომ „ოცნება“ მზად არის, ქვეყანამ მიიღოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ომბუდსმენი. ასეთი ოპტიმიზმი, სამწუხაროდ, ჯერ არ მაქვს. მიუხედავად ამისა, უმნიშვნელოვანესია, ოპოზიცია ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, როგორი პროცესია, ისევე როგორც ყველა კანდიდატს ჰქონდეს სრული წარმოდგენა პროცესზე, რამდენად ენდოს  პროცესს და მიიღოს მონაწილეობა. ასევე არ მგონია სწორი, რომ ამ პროცესს გამოვეთიშოთ“,- განაცხადა სამნიძემ.