ხათუნა სამნიძე - ქვეყანა ბრძოლის ველად იქცა, ვიდრე პატივს არ ვცემთ ერთმანეთის ბრძოლას, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, გამოაჩინოს, თითქოს მათ მხარესაა ჭეშმარიტება
ხათუნა სამნიძე - ქვეყანა ბრძოლის ველად იქცა, ვიდრე პატივს არ ვცემთ ერთმანეთის ბრძოლას, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, გამოაჩინოს, თითქოს მათ მხარესაა ჭეშმარიტება

ქვეყანა ბრძოლის ველად იქცა, ყველას საკუთარი ბრძოლა აქვს. მეგონა, რომ სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის, ბედნიერებისთვის, სიმშვიდისთვის ბრძოლის ნაცვლად, არ გვექნებოდა საბრძოლველი გადარჩენისთვის, არსებობისთვის, სამწუხაროდ, ასეთ ბრძოლაში ვართ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ხათუნა სამნიძემ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებამდე დეპუტატებს ტელეფონით ედუარდ სააკაშვილის ვიდეომიმართვა მოასმენინა.

ხათუნა სამნიძის განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა კრიზისი განიმუხტოს, თუმცა დღევანდელი განცხადებები ამას არ ემსახურება.

„სათქმელი ძალიან ბევრია და სიმბოლურია, რომ ბატონი არჩილის შემდეგ მიწევს სიტყვა. მინდა, ეს სიტყვა აქაც ისმოდეს, ვიდრე ჩემს სათქმელს გეტყვით. როგორც მივხვდი, ბევრს არ გაქვთ მოსმენილი, ალბათ, არც ტელევიზორს უყურებთ და არც ეს მიმართვები გაინტერსებთ, გასაგებია, რატომაც, ბევრია სათქმელი და ეს ქვეყანა ბრძოლის ველად იქცა, ყველას საკუთარი ბრძოლა აქვს. მეგონა, რომ სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის, ბედნიერებისთვის, სიმშვიდისთვის ბრძოლის ნაცვლად, არ გვექნებოდა საბრძოლველი გადარჩენისთვის, არსებობისთვის, ბევრი ადამიანისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია დღეს, სამწუხაროდ, ასეთ ბრძოლაში ვართ. თითოეულ ადამიანს, ჯგუფს, პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსებს აქვს საკუთარი ბრძოლა. ჩვენი პრობლემა გახდა არა მხოლოდ ის, რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ ვუსმენთ, საკუთარ ბრძოლას ადამიანები, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი პატივსაც აღარ ვცემთ. ამ ბრძოლის ველზე არიან ადამიანები, ვინც ქუჩაში ხედავს გამოსავალს, არიან ისეთები, ვინც შიმშილობაში ხედავენ გამოსავალს, ისინი, ვინც აქ, დარბაზში ბრძოლაში ვხედავთ გამოსავალს. ვიდრე თითოეული ჩვენგანი არ დააფასებს და პატივს არ სცემს ერთმანეთის ბრძოლას, მანამდე ყოველთვის ექნება შესაძლებლობა ამ ხელისუფლებას, რომელიც საერთოდ არ სცემს ადამიანს პატივს, გამოაჩინოს ისე, თითქოს მხოლოდ მათ მხარეს არის ჭეშმარიტება.

დღეს რაც ხდება პარლამენტში, რაზეც ვლაპარაკობთ, ის, რომ აქეთა მხარე არის ცარიელი, ძალიან უნდა ხელისუფლებას, ეს იყოს ოპოზიციის პასუხისმგებლობა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქვეყანაში რაც ხდება – კრიზისი, ერთმანეთს რომ აღარ ვუსმენთ, დიალოგი და ერთმანეთთან საუბარი რომ საერთოდ არ წარმოუდგენია არავის, ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა. როგორც აქ მოისმინეთ ახალგაზრდა ადამიანისგან, სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო, მაგრამ ეს ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომელიც არის მესამე ვადით, ამას ხაზს ვუსვამ, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯები, რომ განიმუხტოს კრიზისი. დღევანდელი განცხადებები და ნაბიჯები ამას არ ემსახურება, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად კეთდება, რომ დაიძაბოს ვითარება“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

დატოვე კომენტარი