ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ რა მიზეზს იპოვის, რომ არ შედგეს სასესიო სხდომა, ჩემთვის უცნობია, თუმცა გამიკვირდება, საკითხების განხილვისთვის ოპოზიციასთან დისკუსიაში შევიდნენ
ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ რა მიზეზს იპოვის, რომ არ შედგეს სასესიო სხდომა, ჩემთვის უცნობია, თუმცა გამიკვირდება, საკითხების განხილვისთვის ოპოზიციასთან დისკუსიაში შევიდნენ

„ქართული ოცნება“ რა მიზეზს იპოვის იმისთვის, რომ არ შედგეს სასესიო სხდომა, ჩემთვის უცნობია, თუმცა გამიკვირდება, რომ ადეკვატურად შეხვდნენ ჩანიშნულ სესიას და დღის წესრიგით მოთხოვნილი საკითხების განხილვისთვის იმსჯელონ, იკამათონ და ოპოზიციასთან დისკუსიაში შევიდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არის საკითხები, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია 12 პუნქტის შესასრულებლად და ამისთვის სასესიო დარბაზში მსჯელობა და მანამდე კომიტეტის მოწვევა არის პოლიტიკური ნება, რომელიც უნდა გამოიჩინოს „ქართულმა ოცნებამ“, რადგან დღეს ბურთი მათ მოედანზეა.

„რა საჯარო განცხადებებიც მოვისმინე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, რა თქმა უნდა, მოლოდინი არ არის, რომ ისინი ადეკვატურად შეხვდებიან ამ მოთხოვნას და გაიმართება სასესიო სხდომა. უფრო მოლოდინი მაქვს, რომ ისინი მოძებნიან რაღაც მიზეზს იმის მსგავსად, რაც ვიხილეთ წინაზე, როდესაც ჩაინიშნა სხდომა და ჩაკეტეს სასესიო დარბაზი. ამჯერადაც ისინი არ ჩაატარებენ სხდომას, თუმცა ყოველთვის აქვს აზრი, რომ ჩვენ რეგლამენტის გამოყენებით ყველა ღონეს მივმართოთ იმისთვის, რომ სხდომა შედგეს. ოპოზიცია ამისთვის ნაბიჯებს დგამს და იმედს მაინც ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს არსებულ რეალობას და ამ ისტორიულ შანსს, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ნახავს პოლიტიკურ ნებას, ძალას იმისთვის, რომ ამ რთულ მომენტში შედგეს სასესიო სხდომა და ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია 12 პუნქტის შესასრულებლად“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.