„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს
„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პარტია მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.

როგორც სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ხელისუფლება თუ მანდატებს არ უუქმებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაშინ „ოპოზიციამ აღნიშნული ქმედება მომავლის კანონპროექტის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენოს“.

სამნიძე განმარტავს, რომ მისი პარტია პარლამენტის ბოიკოტს გააგრძელებს, თუმცა მზად არის, ერთჯერადად, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.

„ქართული ოცნება“ არღვევს კანონს და არ აუქმებს უფლებამოსილებას. ამასთან, თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ უბარიერო პროპორციული არჩევნებისთვის, ანუ იმ პირობისთვის, რომელიც 20 ივნისის შემდეგ არსებობდა „ქართული ოცნების“ მხრიდან და რის ირგვლივაც გაერთიანდა ოპოზიცია, თუ ამ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, თუ გაბედავენ, რადგან მათ ეს ვერ გაბედეს არჩევნებამდე, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა და ისევ გავაგრძელოთ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა. ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას. პარლამენტში არ შევდივართ და მზად ვართ, მომავლის კანონპროექტს დავუჭიროთ მხარი. თუ დღეს ჩვენ ძალაუფლება მიტაცებული გვაქვს იმის გამო, რომ სისტემა იყო აბსოლუტურად მორგებული, შეძლებოდა ხელისუფლება დარჩენილიყო მესამე ვადით, ეს რომ არ დავუშვათ სამომავლოდ, ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ და მორჩა. ეს ნიშნავს სამი მოსმენით კანონპროექტის მხარდაჭერას მხოლოდ. ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას ან მანდატის გამოყენებას. ან გააუქმონ უფლებამოსილება, ამის შესაძლებლობა აქვს „ქართულ ოცნებას“, ან თუ ტოვებს ამ უფლებამოსილებას, ჩვენ ამას გამოვიყენებთ, რომ მომავლის კანონს დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო ბლოკით „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ იყო წარმოდგენილი და ორი მანდატი მიიღეს. კერძოდ, პარლამენტში მოხვდნენ ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია.