ხათუნა სამნიძე - პოზიტიურად ვარ განწყობილი, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს, იმედია შევძლებთ, რომ კრიზისი გადაიჭრას
დღევანდელი შეხვედრა იყო სერიოზული, რადგან ყველა საკითხზე დაწვრილებით ვისაუბრეთ. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული იმ თვალსაზრისით, რომ უკვე კონკრეტიკაზეც შევძელით საუბარი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
როგორც კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ სამნიძემ განაცხადა, მოლაპარაკებების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.
„მე ვარ პოზიტიურად განწყობილი, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს, რაც ნიშნავს შეთანხმებას ამ ძალიან რთულ ვითარებაში და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კომპრომისს. შეთანხმება ნიშნავს კომპრომისებზე წასვლას და კომპრომისი ყოველთვის ეკუთვნის მოლაპარაკების ორივე მხარეს.ამიტომ, მაქვს იმედი, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ჩვენ შევძლებთ, რომ კრიზისი გადაიჭრას და შევძლებთ ერთად მუშაობას. ამას შეძლებს ის, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შეთანხმებით. დღევანდელ შეხვედრაზე უკვე კონკრეტულ წინადადებებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვსაუბრობთ, რაზე შეიძლება წავიდეს ოპოზიცია. ჩვენ არ ვიცით ჯერ ხელისუფლების წარმომადგენლების წინადადებები. რა კომპრომისებზე შეიძლება წავიდეთ. როგორც ვიცი, კიდევ იქნება შეხვედრები, როგორც გვითხრა დანიელსონმა. იმსითვის, რომ საბოლოო შეთანხმება შედგეს და ვთქვათ, რომ შეთანხმებამდე მივედით, ამისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე შეხვდეს ერთმანეთს. გვაქვს მოლოდინი, რომ დღის განმავლობაში ასეთი შეხვედრა იქნება“, – განაცხადა სამნიძემ.