ხათუნა სამნიძე - პარტნიორებისგან ჩვენც მივიღეთ წინადადება, არ დაგვეტოვებინა ევროკავშირის ოფისი, მაგრამ მაინც გავედი, რათა მენახა, ვინ იყო მობილიზებული შესასვლელთან
ხათუნა სამნიძე - პარტნიორებისგან ჩვენც მივიღეთ წინადადება, არ დაგვეტოვებინა ევროკავშირის ოფისი, მაგრამ მაინც გავედი, რათა მენახა, ვინ იყო მობილიზებული შესასვლელთან

პარტნიორებისგან ჩვენც მივიღეთ წინადადება, არ დაგვეტოვებინა ევროკავშირის ოფისი, მაგრამ მაინც გავედი, რათა მენახა, ვინ იყო მობილიზებული შესასვლელთან, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

აღნიშნულით სამნიძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სთხოვა, არ დაეტოვებინათ შენობა, ვიდრე შსს-სგან არ მიიღებდა გარანტიას ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების შესახებ.

ხათუნა სამნიძემ საკითხის ირგვლივ საუბრისას კიდევ ერთხელ შეაფასა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის გუშინ მომხდარი დაპირისპირება. სამნიძე ამბობს, რომ მსგავსი ინციდენტი მისთვის მიუღებელია.

„გუშინდელი ინციდენტი ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ყველანი როგორც პოლიტიკოსები ასევე დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები, ზღვარზე ვართ და ძალიან გამაღიზიანებელია ის უტიფარი განცხადებები, რაც გვესმის „ქართული ოცნებისგან“, ის განცხადებები, რაც შეურაცხმყოფელია თითოეული ჩვენგანისთვის, რასაც ვისმენთ კობახიძისგან თუ სხვა ლიდერებისგან. მიუხედავად ამისა, სრულიად მიუღებელია იგივე მეთოდებით დაპირისპირება მათთან და ასე ძალადობის წახალისება.

„ქართული ოცნების“ მიზანია, მეტად დაძაბოს ვითარება და გააღრმავოს დაპირისპირება, ორპოლუსიანობა, ზიზღი, სიძულვილი. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ ამ პროცესში არ უნდა ჩაგვითრიოს. რაც შეეხება აქტივისტების მობილიზებას, ეს არის ძალადობის და დაპირისპირების წახალისება, ეს არის ძალიან სახიფათო წინასაარჩევნო პერიოდში და არაფერს კარგს არ მოუტანს არც წინასაარჩევნო გარემოს, არც არჩევნების დღეს და არც არჩევნების შემდგომ პერიოდს. კატასტროფაა, როდესაც შს მინისტრს სთხოვს გარანტიას და ამას ვერ იღებს, რომ შსს-ს უზრუნველყო საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება. ჩვენც მივიღეთ ასეთი წინადადება ჩვენი პარტნიორებისგან, რომ არ დაგვეტოვებინა შენობა, მაგრამ მე შენობა დავტოვე და მაინც გავედი, რადგან ჩავთავლე, ჩვენი მხრიდან სწორი იქნებოდა, მენახა, ვინ იყო მობილიზებული შესასვლელთან, ვინ ელოდებოდა პოლიტიკოსებს. ჩავთვალე, არ გვექნებოდა არანაირი გარანტია, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, შსს ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკოსის თუ მოქალაქის უსაფრთხოებას, ეს არის კატასტროფა“. – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სთხოვა, არ დაეტოვებინათ ოფისი. მისივე თქმით, კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან, რათა ყოფილიყო უზრუნველყოფილი შენობის უსაფრთხო დატოვება.

„სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რაც მოხდა, კიდევ უფრო საგანგაშოა. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა გვითხრა, რომ არ დაგვეტოვებინა ოფისი, რადგან იქ თავი მოიყარეს „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა, რომლებიც, როგორც გვითხრეს, იყვნენ აგრესიულები. გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი და კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო შენობის უსაფრთხოდ დატოვება. მან ასეთი გარანტიები ვერ მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია რაღაც პერიოდი იქ ყოფნა. ბოლოს მე ვუთხარი, რომ გავალთ შენობიდან, მადლობა გადავუხადე ზრუნვისათვის და დავტოვეთ შენობა. სამწუხაროა, რომ შსს-მ ვერ მისცა გარანტია ევროკავშირის ელჩს, რომ ჩვენ დავტოვებდით შენობას უსაფრთხოდ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.